ახალი ამბები

საკითხი საჭიროებს განხილვას – სუბარი ნატოს მე-5 მუხლზე

13 სექტემბერი, 2019 • 1705
საკითხი საჭიროებს განხილვას – სუბარი ნატოს მე-5 მუხლზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ მე-5 მუხლის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაუვრცელებლობის დათქმით საქართველოს ნატოში გაწევრიანების იდეა განხილვას საჭიროებს, თუმცა არ აკონკრეტებს, რა პოზიცია აქვს მთავრობას აღნიშნულ საკითხზე.

“მე პირადად ვფიქრობ, რომ ეს საკითხი აუცილებლად საჭიროებს განხილვას და თანახმა ვიქნებოდი, ოღონდ რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა ექსპერტმა დასვა კითხვა: ამ შემთხვევაში ხომ არ მოხდება რუსეთის მხრიდან ისეთი ნაბიჯის გადადგმა, რაც მან გააკეთა ყირიმთან დაკავშირებით? ეს კითხვა შეიძლება დაისვას. ფორსირება ჩვენ უნდა ავწონ-დავწონოთ, ყველა პლუსი, ყველა მინუსი”, – თქვა მან.

მიუხედავად წამყვანის მიერ კითხვის არაერთგზის გამეორებისა, სუბარს პირდაპირ არ უპასუხია, ემხრობა თუ არა ზემოაღნიშნულ მოდელს საქართველოს მთავრობა.

“საქართველოს ხელისუფლება მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას ნატოში და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ნებისმიერ ფორმატზე, რომელიც ამ მიზნისკენ მიგვაახლოებს, მსჯელობისთვის მზად ვართ”, – აღნიშნა სუბარმა.

მისივე თქმით, არასწორია აღნიშნულ მოდელზე საუბრისას გერმანიის მაგალითის მოყვანა. საუბარია მოცემულობაზე,  როცა 1955 წელს დასავლეთ გერმანია ნატოს წევრი გახდა, ცივი ომის დასრულებისა და გერმანიის გაერთიანების შემდეგ კი, ალიანსს აღმოსავლეთ გერმანია გაერთიანებული გერმანიის შემადგენლობაში შეუერთდა. აღნიშნული მაგალითი საქართველოზე საუბრისას ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმაც მოიყვანა.

“გერმანიის მაგალითი მოჰყავთ და გერმანიის მაგალითი იყო აბსოლუტურად სხვა შემთხვევა: იქ იყო ორი სახელმწიფო, ორივე გაეროს მიერ აღიარებული. ორივე იყო საერთაშორისო თამაშის მონაწილე და თვითონ ის, რომ ორი სახელმწიფო შეიქმნა, ეს იყო იმდროინდელი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი ახალი მსოფლიო წესრიგის ნაწილი. ეს არის იყო ერთი ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ აღიარებული და რამდენიმე კუნძულის მიერ დადასტურებული აღიარება, როგორც ჩვენს შემთხვევაშია ცხინვალის რეგიონთან და აფხაზეთთან დაკავშირებით”,  – აღნიშნა სუბარმა.

აპატურაი: არარეალისტურია საქართველოს ნატოში გაწევრება მეხუთე მუხლის ნაწილობრივ მოქმედებით

 

მასალების გადაბეჭდვის წესი