ახალი ამბები

გახარია ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს ტერმინ “გავრილოვის ღამის” შესაცვლელად

7 სექტემბერი, 2019 • 3649
გახარია ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს ტერმინ “გავრილოვის ღამის” შესაცვლელად

პრემიერმინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია, რომელმაც 20-21 ივნისის აქციის დარბევის ბრძანება გასცა, ამბობს, რომ დარბევის ღამისთვის “გავრილოვის ღამის” დარქმევა არასწორია და ეს სხვა ტერმინით უნდა შეიცვალოს.

“ჩვენ, რა თქმა უნდა, გვესმის ყველაფერი, რაც ამ დღესთან არის დაკავშირებული, თუმცა ერთმნიშვნელოვნად გვაქვს პოზიცია, რომ შეიძლება ეს იყო “გავრილოვის დღე”, მაგრამ ეს ერთმნიშვნელოვნად იყო “პარლამენტის შტურმის ღამე”. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ტერმინი დავამკვიდროთ. რა თქმა უნდა, იმ ღამეს უკანონო ბრძანება არ გაცემულა და როდესაც ჩვენ ვიღებთ დამატებით პასუხისმგებლობას იმის სახით, რომ ვზივართ და პასუხებს ვცემთ თქვენს კითხვებს, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რამდენად ვართ დარწმუნებული ჩვენს სიმართლეში. ამას გამოძიებაც დაადატურებს, დროც და პოლიტიკური შეფასებებიც”, – თქვა გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსი – სოციალ-დემოკრატების” სხდომაზე, სადაც მთავრობის ახალ შემადგენლობას უსმენენ.

19-20 ივნისს რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტსა და შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან საერთაშორისო ფორუმის წაყვანას თბილისში მოქალაქეთა მასშტაბური პროტესტი მოჰყვა. პარლამენტთან გამართული აქცია ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაარბია. როგორც ხელისუფლება ირწმუნება, ამის მიზეზი იყო ის, რომ ოპოზიცია პარლამენტში შეჭრას ცდილობდა. მოქალაქეთა ნაწილი სწორედ გავრილოვთან დაკავშირებული მოვლენების გამო უწოდებს 20-21 ივნისის დარბევას “გავრილოვის” ღამეს.

თუმცა, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ამ დრომდე არ ყოფილა მცდელობა, რომ დაემკვიდრებინათ “გავრილოვის ღამის” ალტერნატიული ტერმინი. “სოციალ-დემოკრატების” ლიდერმა 3 სექტემბერს პარლამენტში პირველმა გაახმიანა იდეა ამ ტერმინის ალტერნატიული ტერმინის დამკვიდრების შესახებ.

“რაც მოხდა 20 ივნისს, ამას “გავრილოვის ღამე” კი არა, “პარლამენტის შტურმის ღამე” ჰქვია. სიტყვებს აქვს მნიშვნელობა და თუ წავუყრუებთ, ეს საზოგადოებაში დამკვიდრდება, თითქოს გავრილოვი საქართველოს ისტორიისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა ან ის ამბავი იყო მნიშვნელოვანი. არა, მთავარი იყო პარლამენტის შტურმი და ეს იყო “პარლამენტის შტურმის ღამე” ,- თქვა ჟორჟოლიანმა.

20-21 ივნისის დარბევის შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან რამდენიმე დაკარგა თვალი, ადამიანთა ნაწილმა მიიღო მძიმე დაზიანებები. დაშავებულთა შორის იყო მედიის 40-მდე წარმომადგენელი და 80-მდე პოლიციელი. აქტივისტები და ოპოზიცია დარბევაზე პასუხისმგებლობას პირველივე დღიდან შს მინისტრ გიორგი გახარიას აკისრებდნენ და მის გადადგომას მოითხოვდნენ, თუმცა ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, გახარიას პრემიერმინისტრის პოსტზე აწინაურებენ. მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების მიზნით კენჭისყრა პარლამენტში 8 სექტემბერს არის დაგეგმილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი