ახალი ამბები

ცქიტიშვილი განმარტავს, რატომ გაეღიმა პარლამენტში დარბევის კადრების ყურებისას

7 სექტემბერი, 2019 • 1525
ცქიტიშვილი განმარტავს, რატომ გაეღიმა პარლამენტში დარბევის კადრების ყურებისას

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი მაია ცქიტიშვილი განმარტავს, რატომ გაეღიმა პარლამენტში 6 სექტემბერს, 20-21 ივნისის დარბევის მძიმე კადრების ყურებისას. მის რეაქციას ადამიანთა ნაწილის მხრიდან ფეისბუკზე მკვეთრად უარყოფითი რეაქციები მოჰყვა.

მთავრობის ახალ შემადგენლობას 6 სექტემბერს “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის სხდომაზე უსმენდნენ. სანამ ოპოზიციონერი დეპუტატები პრემიერმინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას კითხვებს დაუსვამდნენ, დარბაზში აჩვენეს 20-21 ივნისის დარბევაზე შექმნილი საპროტესტო სიმღერა, რომელიც MOKU T-მ შექმნა. ცქიტიშვილს სწორედ ამ კლიპის ყურებისას ეღიმებოდა.

“ჩემი ღიმილი გამოიწვია არა 20 ივნისის ღამის კადრებმა, რომელიც უმძიმესი სანახავია, არამედ ოპოზიციის ქმედებამ, რომელიც ძალიან სასაცილოდ გამოიყურება. “ნაციონალურმა მოძრაობამ”, რომელსაც პოლემიკის რესურსიც არ დარჩა, შეკითხვების ნაცვლად აჩვენა მუსიკალური კლიპი, რაც სპექტაკლის, იმ კლოუნადის ნაწილია, რომელიც ჯერ “ნაციონალურმა მოძრაობამ დადგა და შემდეგ უკვე ევროპულმა საქართველომ, – ასე განმარტა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა საკუთარი რეაქცია.

ცქიტიშვილმა ოპოზიცია “მოდელირებული და ვირტუალური” საქართველოს შექმნაში დაადანაშაულა.

“ნადვილად მეცინება და გამეცინება იმაზე, თუ რამდენად უსუსურია ეს ოპოზიცია და რა უნიჭო სპექტაკლებს დგამენ. მეცინება, როდესაც სალომე სამადაშვილი ეროვნული მთავრობის დაბრუნებაზე საუბრობს და როდესაც ასეთივე ადამიანებისგან ვისმენთ გულმხურვალე შეშფოთებას, თავად კი ამდენი წლის განმავლობაში, მხოლოდ ძალადობითა და  უზურპირებით მართავდნენ ქვეყანას. აქედან გამომდინარე, ამ ადამიანებისგან ასეთი ტიპის ქმედება არის ზუსტად მათი ხელწერისა და სახის დემონსტრირება,“ – თქვა მაია ცქიტიშვილმა.

20-21 ივნისის დარბევის შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან რამდენიმე დაკარგა თვალი, ადამიანთა ნაწილმა მიიღო მძიმე დაზიანებები. დაშავებულთა შორის იყო მედიის 40-მდე წარმომადგენელი და 80-მდე პოლიციელი. აქტივისტები და ოპოზიცია დარბევაზე პასუხისმგებლობას პირველივე დღიდან შს მინისტრ გიორგი გახარიას აკისრებდნენ და მის გადადგომას მოითხოვდნენ, თუმცა ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, გახარიას პრემიერმინისტრის პოსტზე აწინაურებენ. მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების მიზნით კენჭისყრა პარლამენტში 8 სექტემბერს არის დაგეგმილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი