ახალი ამბები

ენმ და “ევროპული საქართველო” მთავრობის საკომიტეტო მოსმენებს ბოიკოტს უცხადებენ

4 სექტემბერი, 2019 • 1228
ენმ და “ევროპული საქართველო” მთავრობის საკომიტეტო მოსმენებს ბოიკოტს  უცხადებენ

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” ფარსს უწოდებენ და ბოიკოტს უცხადებენ მთავრობის ახალი შემადგენლობის პარლამენტში განხილვის პროცესს.

ოპოზიციის განცხადებით, მოქალაქეები უკვე ორ თვეზე მეტია, 20-21 ივნისის დარბევის გამო გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან გადაყენებას ითხოვდნენ, ამის საპირისპიროდ კი მას მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე აწინაურებენ. პარლამენტში უკვე დაიწყო მთავრობის ახალი შემადგენლობის მოსმენის პროცესი, 8 სექტემბერს კი ნდობის გამოცხადების მიზნით კენჭისყრაც იქგეგმება.

მთავრობის ახალი შემადგენლობის მოსმენის პარლალეურად, პარლამენტის შენობის გარეთ არასაპარლამენტო ოპოზიცია და სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილია” საყვირებით აქციას მართავენ. გარდა ამისა, 3 სექტემბრის მსგავსად, პარლამენტში დღეს, 4 სექტემბერსაც არ უშვებენ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ საკანონმდებლო ორგანოში შესასვლელი საშვი.

როგორც პარლამენტში ნეტგაზეთს განუცხადეს, საშვების გაცემა დროებით, “შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე”, შეიზღუდა. არასაპარლამენტო ოპოზიცია და აქტივისტები კი ამბობენ, რომ მათი პარლამენტში არშეშვება კანონდარღვევაა.

პარლამენტმა ახალი მთავრობის წევრთა მოსმენა უკვე დაიწყო

მასალების გადაბეჭდვის წესი