ახალი ამბები

საშვების დაშვებაზე დროებითი შეზღუდვა დაწესდა – პარლამენტი

3 სექტემბერი, 2019 • 1069
საშვების დაშვებაზე დროებითი შეზღუდვა დაწესდა – პარლამენტი

პარლამენტში აცხადებენ, რომ შენობასთან შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საშვების დაშვებაზე დროებითი შეზღუდვა დაწესდა. მათივე ცნობით, პარლამენტის შენობაში ჩვეულებრივი შევლენ დეპუტატები, თანამშრომლები და აკრედიტაციის მქონე ჟურნალისტები.

საკანონმდებლო ორგანოში ასევე აცხადებენ, რომ ელენე ხოშტარიას, რომელსაც პარლამენტში არ უშვებდნენ, სურდა აქტივისტების შეყვანა, სწორედ ამ მიზეზით უთხრეს მას უარი შენობაში შესვლაზე.

“ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით, საშვების დაშვებაზე დროებითი შეზღუდვა დაწესდა. ეს შეზღუდვა დეპუტატებს არ ეხებათ. გამორიცხულია, რომ ისინი შენობაში არ შეუშვან. ჩვენი ინფორმაციით, ხოშტარია ითხოვს, მასთან ერთად მოქალაქეებიც შემოვიდნენ. ამ შემთხვევაში კი ის მოქალაქეების შემოყვანას ვერ შეძლებს”,- აცხადებენ პარლამენტის პრესსამსახურში.

პარლამენტში საშემოდგომო სესიის დაწყებამდე “ევროპული საქართველოს” დეპუტატების ნაწილს ეზღუდებოდათ პარლამენტში შესვლა. საკანონმდებლო ორგანოში ასევე არ უშვებდნენ აქცია “სირცხვილიას” აქტივისტებს, რომლებსაც ჰქონდათ პარლამენტში შესასვლელი საშვები.

ამ წუთებში პარლამენტის ყველა შესასვლელთან აქცია “სირცხვილიას” მონაწილეებს სირცხვილის კორიდორები აქვთ მოწყობილი. ისინი გიორგი გახარიას პრემიერის კანდიდატად წარდგენას აპროტესტებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი