ახალი ამბები

რატომ შევიწყალე, ნამდვილად არ გეტყვით – პრეზიდენტი პოლიციელის მკვლელის შეწყალებაზე

29 აგვისტო, 2019 • 1218
რატომ შევიწყალე, ნამდვილად არ გეტყვით – პრეზიდენტი პოლიციელის მკვლელის შეწყალებაზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ არ იტყვის, თუ რატომ შეიწყალა პოლიციელის მკვლელობისთვის გასამართლებული პირი, რომელსაც 12-წლიანი სასჯელიდან მხოლოდ 5 წელი ჰქონდა მოხდილი.

პრეზიდენტის კომენტარს საფრანგეთიდან ტელეკომპანია “იმედი” ავრცელებს, სადაც აღნიშნულია:

“რატომ შევიწყალე, ამას ნამდვილად არ გეტყვით. ეს არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლება და ყველა იურისტმა, არაიურისტმა ეს კარგად იცის. ეს გახდა უეცრად სალაპარაკო პრობლემა მაშინ, როდესაც აქ ამდენია სალაპარაკო და პოზიტივი, მაგრამ ესეც დიდად არ მიკვირს. თუ რამე განცხადებაა უფრო დეტალური გასაკეთებელი, მე ვფიქრობ, რომ ეს უნდა გაკეთდეს თბილისში.”

პრეზიდენტის თქმით, სამწუხაროა, როდესაც ევროპაში მნიშვნელოვანი ამბები იხილება და ამ დროს “აქცენტის სხვა საკითხზე გადატანის მცდელობებია”.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, აღნიშნულ საკითხზე თბილისში დაბრუნებისას ისაუბრებს.

პრეზიდენტმა 28 აგვისტოს 34 მსჯავრდებული შეიწყალა, რომელთა შორის ერთ-ერთი რამაზ დევაძეა. იგი ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს.

საუბარია 2014 წლის 27 დეკემბერს ბათუმში, ღამის კლუბ „ლეგასში“ 22 წლის პოლიციელის მკვლელობაზე. მკვლელობის ღამეს პოლიციელი კლუბში სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა, თუმცა მას თან ჰქონდა სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღი. სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, თარაშ მუკბანიანს კონფლიქტი მოუვიდა რამაზ დევაძესა და მის თანხმლებ პირთან, რა დროსაც მას წაართვეს იარაღი. პოლიციელი სწორედ ამ იარაღიდან გასროლით დაიღუპა.

მასალების გადაბეჭდვის წესი