ახალი ამბები

აჭარის ტელევიზიის დირექტორი მესამე ცდაზეც ვერ აარჩიეს

22 აგვისტო, 2019 • 1110
აჭარის ტელევიზიის დირექტორი მესამე ცდაზეც ვერ აარჩიეს

დღეს, 22 აგვისტოს, მესამედ გაიმართა კენჭისყრა, თუმცა- უშედეგოდ. საზოგადობრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭომ მაუწყებლის დირექტორი ისევ ვერ აირჩია.

მრჩეველთა საბჭომ 2019 წლის 25 აგვისტოსთვის ჩანიშნა სხდომა, სადაც დირექტორის შესარჩევ კონკურსს, სავარაუდოდ, მეოთხედ გამოაცხადებენ.

მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ხმები ისევ გაიყო და კონკურსში მონაწილე კანდიდატებიდან ვერც ერთმა ვერ მიიღო ხმათა უმრავლესობა.

დღეს მრჩეველთა საბჭოს სხდომას არ ესწრებოდა გიორგი ირემაძე, ხოლო საბჭოს წევრმა, ბეჟან გობაძემ სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ დირექტორის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა.

მრჩეველთა საბჭომ ორჯერ მისცა ხმა კანდიდატებს. პირველ ჯერზე ორი ხმა მიიღო გიორგი კოხრეიძემ, ერთი ხმა კი- თინათინ ცისკარაძემ. ხელმეორე კენჭისყრაზე ხმები ზუსტად იგივენაირად გადანაწილდა და კონკურსი ჩაიშალა.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის შესარჩევად პირველი კონკურსი 31 მაისს გაიმართა, დირექტორის პოსტზე სულ რვა კანდიდატი განიხილებოდა, თუმცა საბჭოს ხმების უმრავლესობა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. კონკურსი ჩაიშალა მეორედაც, 10 ივლისს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოში ხუთი წევრია: ნატა იმედაიშვილი, გიორგი ირემაძე, ბეჟან გობაძე, გიგა ჩხარტიშვილი და ირაკლი დარცმელიძე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ადგილი 19 აპრილიდანაა ვაკანტური, როცა მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენა. ამ დრომდე ტელევიზიას დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია ზოიძე ხელმძღვანელობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი