ახალი ამბები

მიუხედავად წვიმისა და საფრთხეებისა, ჰონგ-კონგის ქუჩებში აქციაზე 1.7 მილიონი ადამიანი გამოვიდა

19 აგვისტო, 2019 • 1753
მიუხედავად წვიმისა და საფრთხეებისა, ჰონგ-კონგის ქუჩებში აქციაზე 1.7 მილიონი ადამიანი გამოვიდა

ჰონგ-კონგის პროდემოკრატიული პროტესტის მე-11 კვირას წვიმის, ჩინეთის მთავრობის მუქარანარევი გზავნილებისა და პოლიციის მიერ დაწესებული შეზღუდვის მიუხედავად, ქალაქისს ქუჩები მანიფესტანტებით დაიფარა. ორგანიზატორთა ცნობით, 18 აგვისტოს მშვიდობიან დემონსტრაციაზე 1.7 მილიონი ადამიანი გავიდა, რაც ბოლო კვირების მანძილზე, მასშტაბის კუთხით, რეკორდული მაჩვენებელია.

მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა აქციის ჩატარების სანქცია მხოლოდ ჰონგ-კონგის ვიქტორიას პარკში გასცეს, მანიფესტანტები შეზღუდვას არ დაემორჩილნენ და ქალაქის ცენტრალურ ქუჩებშიც მოაწყვეს მსვლელობა. The Guardian-ის ცნობით, აქციის მონაწილეები სამთავრობო შენობების გარშემოც იყვნენ შეკრებილნი. გამოცემის ჟურნალისტი “ქოლგების ზღვას” უწოდებს სურათს, რომელიც აქციაზე კოკისპირული წვიმის ფონზე შეიქმნა.

აქციის მონაწილეების მსვლელობა ჰონგ-კონგში, ძლიერი წვიმის ფონზე. ფოტო: EPA/JEROME FAVREაქციის მონაწილეების მსვლელობა ჰონგ-კონგში, ძლიერი წვიმის ფონზე. ფოტო: EPA/JEROME FAVRE

“დადექით ჰონგ-კონგის გვერდით! იბრძოლეთ თავისუფლებისთვის!” – სკანდირებდნენ ჩინეთის ავტონომიური რეგიონის მოქალაქეები დემონსტრაციაზე, რომელზეც, მედიის თანახმად, გვერდიგვერდ იდგნენ ახალგაზრდები, ხანშიშესული ადამიანები და ოჯახები.

18 აგვისტოს მოვლენები ერთგვარი ტესტი იყო იმის განსასაზღვრად, შეინარჩუნებდა თუ არა მასშტაბებს 11 კვირის წინ დაწყებული საპროტესტო მოძრაობა, რომელიც, გასული პერიოდის მანძილზე როგორც მშვიდობიანი გამოსვლებით, ისე პოლიციასთან შეტაკებებით, ადამიანების დაშავებითა და დაპატიმრებებით აღინიშნა. ამ ფონზე გუშინ გამართული დემონსტრაციის მონაწილეთა ოდენობა ბოლო პერიოდის მანძილზე რეკორდული იყო.

“2 თვეზე მეტია, ვიბრძვით, მაგრამ მთავრობას პასუხი არ აქვს. ჩვენც შეგვიძლია გამოვიდეთ და გამოვიდეთ” – უთხრა BBC-ს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

პოლიციის მონაცემები ორგანიზატორების ცნობებისგან ბევრად განსხვავდება. სამართალდამცავმა ორგანოებმა 18 აგვისტოს აქციაზე სულ 128 000 ადამიანი დათვალეს. თუმცა BBC-ის თანახმად, მათ მხოლოდ ის მანიფესტანტები ჰყავდათ მხედველობაში, რომლებიც სანქცირებულ დემონსტრაციაზე იდგნენ.

აქციები ჰონგ-კონგში 9 ივნისს დაიწყო. თავდაპირველად, დემონსტრანტები ეწინააღმდეგებოდნენ ახლა უკვე თაროზე შემოდებულ კანონპროექტს, მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული პირების კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადირების შესახებ. შემდგომ, პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნებს კანონის ბოლომდე გაწვევა, აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლება, ავტონომიური რეგიონის მმართველის გადადგომა და საყოველთაო არჩევნების მოთხოვნებიც დაემატა.

გასულ კვირას ქალაქის აეროპორტში მიმდინარე მჯდომარე აქციისა და პოლიციასთან შეტაკების ფონზე ჩინეთის მთავრობამ აქციის მონაწილეთა ქმედებები მეორედ შეადარა ტერორიზმს. ამ ფონზე,სახელმწიფო მედიამ გაავრცელა კადრები, რომლებშიც ჰონგ-კონგის მოსაზღვრე ქალაქ შენჯენში თავმოყრილი სახალხო შეიარაღებული პოლიციის შენაერთები ჩანან. საერთაშორისო მედია აღნიშნავს, რომ არაერთი სპეციალისტი აღნიშნულ გარემოებებს პეკინის მხრიდან ავტონომიური ჰონგ-კონგის ინტერვენციის მუქარად მიიჩნევს.

პროტესტი ჰონგ-კონგში. ფოტო: EPA/VIVEK PRAKASH

1997 წელს ჰონგ-კონგს დიდი ბრიტანეთის კოლონიის სტატუსი ჩამოერთვა და ჩინეთის შემადგენლობაში იმ პირობით შევიდა, რომ მას ექნებოდა ავტონომია. გარდა თავდაცვითი და საგარეო საკითხებისა, ის გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად მიიღებდა. ლიდერების დაპირება ასეთი იყო – ჰონგ-კონგი, მაკაო და შეერთების შემთხვევაში ტაივანი, შეინარჩუნებდა პრინციპს – „ერთი ქვეყანა, ორი სისტემა“.

ხელშეკრულებას ვადა 2047 წელს გასდის, რაც ჰონგ-კონგ სპეციალური სტატუსის მოხსნასა და ჩინეთის რიგით ქალაქად გადაქცევას უქადის. თუმცა, მიმდინარე მოვლენები დათქმის დაბრკოლებების გარეშე აღსრულების შესახებ კითხვებს უკვე აჩენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი