ახალი ამბები

“ფორმულა კრეატივმა“ მაუწყებლობის უფლების მისაღებად კომუნიკაციების კომისიას მიმართა

13 აგვისტო, 2019 •
“ფორმულა კრეატივმა“ მაუწყებლობის უფლების მისაღებად კომუნიკაციების კომისიას მიმართა

“ფორმულა კრეატივმა“, რომელიც ოქტომბრიდან მაუწყებლობას გეგმავს, მაუწყებლობის უფლების მისაღებად საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას უკვე მიმართა. ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს ზუკა გუმბარიძემ უთხრა, რომელიც ახალი ტელევიზიის დირექტორი იქნება. 

გუმბარიძე ნეტგაზეთთან განმარტავს, რომ არხი საერთო მაუწყებლობას გეგმავს, რაც გულისხმობს იმას, რომ ახალი არხი დაფარავს როგორც სოციალურ და პოლიტიკურ, ასევე გასართობ თემატიკასაც. ამ ნაწილში ზუკა გუმბარიძე ამატებს, რომ ახალ ტელეკომპანიის ეთერში კვირაში სამჯერ გავა სერიალი “ჩემი ცოლის დაქალები“, სხვა სერიალები კი არხს წლის ბოლომდე ნელ-ნელა დაემატება.

რაც შეეხება ტექნიკურ ნაწილს, არხის მომავალი დირექტორის თქმით, ტელეკომპანია მთელი საქართველოს მასშტაბით იმაუწყებლებს, მისი ნახვა კი, მათ შორის, სატელიტური თუ საკაბელო არხებით იქნება შესაძლებელი.

“ოქტომბერში უკვე ეტაპობრივად დავიწყებთ მაუწყებლობას იმისთვის, რომ წლის ბოლოსთვის, უკვე ყველა პროდუქტი გვქონდეს ჩაშვებული ეთერში და სრულფასოვანი მაუწყებლობა გვქონდეს, “ – ამბობს ნეტგაზეთთან ზუკა გუმბარიძე.

“ფორმულა კრეატივმა“ ივლისის ბოლოს დაადასტურა, რომ საკუთარი ტელევიზიის შექმნას აპირებს.ამ ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე, ცნობილი გახდა, რომ კომპანია ახალ ტელევიზიას თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, დავით კეზერაშვილთან თანამშრომლობით აფუძნებენ.

რაც შეეხება სარედაქციო პოლიტიკას, მიშა მშვილდაძის განცხადებით, დავით კეზერაშვილმა ვისაც [რომელ პარტიასაც] არ უნდა დაუჭიროს მხარი, პირადად იძლევა გარანტიას, რომ ეს არ იქნება ახალი ტელევიზიის საქმიანობის მთავარი ღერძი, რადგან ამაზე წინასწარ შეთანხმდნენ.

“ფორმულა კრეატივი” ტელეგადაცემებს მანამდე “რუსთავი 2”-სთვის ამზადებდა. მათ შორისაა სერიალი “ჩემი ცოლის დაქალები”. აღიშნული კომპანია ასევე არის ინტერნეტ- გამოცემა On.ge-ს მეწილე. “ფორმულა კრეატივი” მართავს ტელეარხ “მესამესაც”, თუმცა ამ არხის ქონება და სიხშირე “რუსთავი 2-ის” საკუთრებაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი