მიშა მშვილდაძის განცხადებით, დათო კეზერაშვილმა ვისაც [რომელ პარტიასაც] არ უნდა დაუჭიროს მხარი, პირადად იძლევა გარანტიას, რომ ეს არ იქნება ახალი ტელევიზიის საქმიანობის მთავარი ღერძი, რადგან ამაზე წინასწარ შეთანხმდნენ. ამის შესახებ “ფორმულა კრეატივის” დამფუძნებელმა გადაცემა “თავისუფალ ბაზარში” ისაუბრა.
გადაცემის წამყვანის, ვახტანგ მეგრელიშვილის კითხვას, რა იქნება ეს გარანტია, მიშა მშვილდაძე ასე პასუხობს:
გარანტიას გაძლევთ ჩემი პირადი სხეულით, ტანით და ორგანიზმით, აგრეთვე, სადამფუძნებლო დოკუმენტებით და დირექტორის პიროვნებით. დირექტორი იქნება “ფორმულა კრეატივის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ზუკა (ზურა) გუმბარიძე, რომლის ოთახსაც ამ წამს ჩხრეკს პროკურატურა. ეს არის გარანტიები. დირექტორი არ იქნება ჩვენი პარტნიორის დანიშნული ადამიანი. მეორე მხრივ, მე მგონი, მისი გადმოსახედიდანაც სწორია – თუ ტელევიზიას ვაკეთებთ “ფორმულა კრეატივი” და დათო კეზერაშვილი ერთად, სჯობს, სატელევიზიო მიმართულების მართვის ნაწილში მეტწილად “ფორმულა კრეატივი” იყოს წარმოდგენილი”.
მშვილდაძის თქმით, დავით კეზერაშვილთან შეთანხმდნენ იმის თაობაზე, რომ ტელევიზია არ იმუშავებდა ერთ პარტიაზე, რადგან ამით ვერ მიაღწევენ მიზანს:
უნდა ვიმუშაოთ ყველააზე, ვისაც რაღაც ღირებულება ექნება. პლატფორმა შევქმნათ და მერე ვინ როგორ გამოიყენებს… გვექნება გადაცემა, მოვა ალეკო ელისაშვილი… უფრო კარგად ილაპარაკებს, ვიდრე დათო უსუფაშვილი? – ადამიანებს მოეწონებათ ის. ამ მიმართულებით გვინდა მუშაობა. ცოტა იდეალისტურს ჰგავს, მესმის, მაგრამ მთავარი ამბავია – როცა დაიწყებს ეს ტელევიზია მაუწყებლობას, მერე ყველა ნახავს, რა და როგორ”.
როგორც მიშა მშვილდაძე ამბობს, დავით კეზერაშვილთან მოლაპარაკებების პროცესში ზუსტად იმას ადგენდნენ, რომ სამომავლოდ ერთმანეთის მხრიდან რამე “სიურპრიზი” არ დახვდეთ:
“ან ჩემი ზედმეტი დამოუკიდებლობის წყურვილი არ იყოს იმისთვის “სიურპრიზი”, ან მას, ჩვენს პარტნიორს არ ჰქონდეს ისეთი რამე, რაც ჩვენთვის “სიურპრიზი” იქნება. მე მგონი, ჩვენ ყველაფერზე შევთანხმდით, დავლაგდით და დავინახეთ საერთო, რომ საჭიროა და მართლა გადასარჩენია ამ ვითარებაში [კრიტიკული მედია]. ყველა ვხვდებით, რომ “რუსთავი 2″ ამ ვითარებაში ამ ფორმით და ამ სარედაქციო პოლიტიკით დიდი ხანი ვერ გაძლებს. იმ მომენტისთვის, როცა უკვე აღარ იქნება საჭირო, იქნება ალტერნატივა, რამდენიმე მაინც”.
მიშა მშვილდაძემ “ფორმულა კრეატივის” პროდუქტების, მათ შორის, სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” დავით კეზერაშვილთან თანამშრომლობით შესაქმნელ არხზე გადატანის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ესეც იქნება გარკვეულწილად იმის გარანტია, რომ არხი ვერ იქნება პარტიული. როგორც მშვილდაძე განმარტავს, ასეთი პროდუქციის შექმნასა და ეთერში გაშვებას ისეთი დიდი მასშტაბის ინვესტიცია სჭირდება, რომ ფინანსური და ბიზნესის თვალსაზრისით გაუმართლებელი იქნება, ტლეკომპანია პარტიას ემსახურებოდეს.
ბევრად მრავალფეროვან აუდიტორიას კრეფს სერიალები ტელეკერანებთან, ვიდრე აინტერესებს ეს პარტიას. პარტიას არ უღირს ამდენი ფულის გადახდა ამაში. ოცნების და ინაშვილის მხარდამჭერებიც უყურებენ “ჩემი ცოლის დაქალებს”, მაგრამ ამის გამო საერთოდ არ იცვლიან ისინი პოზიციას. არ მუშაობს ეს ასე მარტივად. ანუ, პარტიას ასეთი პროდუქტის ქონა არ უღირს. კარგია, როდესაც ვიცით, რომ ეს ტელევიზია სინამდვილეში ამისკენ არის და ის – იმისკენ. ამ ქვეყნის ყველაზე დიდი სიგიჟეა ამის დამალვა. ამის დამალვას კი არ ვცდილობთ, როდესაც ვამბობთ, რომ არ ვიქნებით პარტიულები. უბრალოდ, ამხელა ტელევიზიიდან, რაკი ჩცდ-თი შევდივართ (უკვე ის თავად დიდ მასშტაბებს და პარამეტრებს აყენებს მთელი არხის), ვერ შეძლებს ერთი პარტია [სრული ელექტორალური რესურსის წაღებას], ისევე როგორც პარლამენტთან მიმდინარე აქციებიდან ვერ შეძლებს ყველა მოქმედი ოპოზიციური პარტია სრული ელექტორატის წაღებას. ამ არხიდან ზუსტად ასეა. ინვესტიციის ის მასშტაბი, რაც საჭიროა ამხელა მასტაბის არხის გაკეთებაში, ეს რომ პარტიას ემსახურებოდეს, ფინანსურადაც და ბიზნესურადაც არასწორია. თან, ვხედავთ, რომ მიმდინარე ვითარებაში 1, 2, 3 და 4 პარტიის გაერთიანებითაც კი გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება ხელისუფლების წინააღმდეგ ვერ ხერხდება. კიდევ უფრო ფართო გაერთიანებაა ამ ვითარებაში საჭირო, რომელშიც შევედით. ამას გვინდა, რომ გამოვეპასუხოთ და გამოვეხმაუროთ ამით”, – განაცხადა მიშა მშვილდაძემ.
დავით კეზერაშვილმა პირველ აგვისტოს გაავრცელა განცხადება, სადაც წერს, რომ “რუსეთის პროპაგანდისტული მანქანის წინააღმდეგ ბრძოლას მუდმივი აქტიურობა სჭირდება და ქართველი ხალხის დასავლური არჩევანი დასაცავია” და სწორედ ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დააფუძნოს ტელეარხი, რომელიც ამ არჩევანს დაიცავს.
ამავე თემაზე:
ფორმულა კრეატივი ადასტურებს, რომ ტელევიზიას კეზერაშვილთან თანამშრომლობით გახსნის