ახალი ამბები

ზუკა გუმბერიძე „ფორმულაში“ თავის წილს მიშა მშვილდაძეს გადასცემს

16 თებერვალი, 2026 •
ზუკა გუმბერიძე „ფორმულაში“ თავის წილს მიშა მშვილდაძეს გადასცემს

„ფორმულას“ ყოფილი გენერალური დირექტორი და თანადამფუძნებელი ზუკა გუმბარიძე აცხადებს, რომ თავის წილს ტელეკომპანიის ამჟამინდელ დირექტორს, მიშა მშვილდაძეს გადასცემს.

ზუკა გუმბარიძის განცხადებას „ფორმულა“ ავრცელებს.

„მივიღე გადაწყვეტილება, რომ ტელეკომპანია „ფორმულაში“ ჩემი წილი გადავცე მის დირექტორსა და ჩემს მეგობარს, მიშა მშვილდაძეს, რათა მან საკუთარი შეხედულებით გადაანაწილოს ეს წილი არხის მენეჯმენტზე და თანამშრომლებზე. 6 წლის განმავლობაში მთელი ჩემი დრო, ენერგია და რესურსი დავუთმე „ფორმულას“ მშენებლობას. იდეა, რომელიც თავიდან ბევრისთვის დაუჯერებელი ჩანდა, დღეს უკვე იქცა რეიტინგულ, სანდო და მაყურებლისთვის საყვარელ არხად“, — ნათქვამია განცხადებაში.

გუმბარიძე მადლობას უხდის „ფორმულა კრეატივის“ თანადამფუძნებლებს: გიორგი ლიფონავას და ირაკლი საღინაძეს, ასევე, არხის დამფუძნებელსა და ინვესტორს, დავით კეზერაშვილს.

„სწორედ მასთან პარტნიორობამ გახადა შესაძლებელი ამ არხის დაფუძნება, არსებობა და განვითარება. დაბოლოს, მინდა გულით ვუსურვო მხნეობა და გამძლეობა „ფორმულას“ ყველა თანამშრომელს, ვინც ამ მძიმე ფინანსური პრობლემების მიუხედავად ახერხებს, რომ არხი არ ჩაქრეს და ყველაფრის მიუხედავად განაგრძოს მუშაობა და განვითარება. „ფორმულა“ არ არის მხოლოდ ტელევიზია — ეს არის იდეა და ფასეულობები. ეს არის თავისუფალი სარედაქციო პოლიტიკა, პროდასავლური ხედვა და ის ერთობა, რომელიც ამ იდეის გარშემო გაერთიანებულმა ადამიანებმა შექმნეს“, — ნათქვამია გუმბარიძე.

საჯარო რეესტრის თანახმად, ზუკა გუმბარიძე „ფორმულაში“ 32.25%-იან წილს ფლობს. ამ წილის დირექტორისთვის გადაცემის შემდეგ, ტელეკომპანიის 70,5%-იანი წილის მფლობელი მიშა მშვილდაძე ხდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი