ახალი ამბები

ფორმულა კრეატივი ადასტურებს, რომ ტელევიზიას კეზერაშვილთან თანამშრომლობით გახსნის

1 აგვისტო, 2019 • 3530
ფორმულა კრეატივი ადასტურებს, რომ ტელევიზიას კეზერაშვილთან თანამშრომლობით გახსნის

“ფორმულა კრეატივმა” ნეტგაზეთს დაუდასტურა, რომ ახალ სატელევიზიო არხს თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, დავით კეზერაშვილთან თანამშრომლობით აფუძნებენ.

როგორც “ფორმულა კრეატივის” წარმომადგენელმა ირაკლი საღინაძემ ნეტგაზეთს უთხრა, ახალი ტელეარხი ეთერში “შეძლებისდაგვარად მალე” გავა.

“ჯერ ძალიან ჩანასახშია პროცესი და რაღაც კონკრეტულის თქმა ვადებზე ძალიან გამიჭირდება. შევეცდებით, რომ შემოდგომაზე უკვე ეთერში ვიყოთ”, – უთხრა საღინაძემ ნეტგაზეთს.

მან ასევე გვითხრა, რომ ახალი ტელეარხის გუნდის ნაწილია ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ყოფილი თანამშრომელი გიორგი ლაფერაშვილიც, რომელმაც ტელეარხი მიმდინარე წლის ივლისში დატოვა.

ნეტგაზეთმა ირაკლი საღინაძეს ჰკითხა, რა მექანიზმი ექნება ტელეარხს სარედქციო დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, რაზეც მან გვითხრა, რომ აღნიშნული მექანიზმი (სავარაუდოდ, მმართველი ბორდი) ჩამოყალიბების ეტაპზეა და მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

“ფორმულა კრეატივმა” დღეს განცხადებაც გაავრცელა, სადაც აღნიშნულია: “გვაქვს სურვილი და ვალდებულება შევქმნათ ხარისხიანი, უკომპრომისო, სანდო, ოპერატიული და ეფექტური მედიასაშუალება, ახალი ტელევიზია, სადაც ასპარეზი და პოზიციის გამოხატვის საშუალება ექნება ყველა იმ ადამიანს, ორგანიზაციას, პარტიას და ჯგუფს, ვისთვისაც სულერთი არ არის ჩვენი ქვეყნის განვითარებული და ცივილიზებული მომავალი.”

ირაკლი საღინაძისვე თქმით, ახალი ტელეარხის ეთერში გავა “ფორმულა კრეატივის” ყველა პროდუქცია, მათ შორის, სერიალი “ჩემი ცოლის დაქალები”.

“ფორმულა კრეატივი” ასევე არის ონლაინ გამოცემა On.ge-ის მეწილე. როგორც საღინაძე ამბობს, On.ge-ში რაიმე ცვლილება არ იგეგმება, არც ფორმასა და არც შინაარსში.


დავით კეზერაშვილმა პირველ აგვისტოს გაავრცელა განცხადება, სადაც წერს, რომ “რუსეთის პროპაგანდისტული მანქანის წინააღმდეგ ბრძოლას მუდმივი აქტიურობა სჭირდება და ქართველი ხალხის დასავლური არჩევანი დასაცავია” და სწორედ ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დააფუძნოს ტელეარხი, რომელიც ამ არჩევანს დაიცავს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი