კეზერაშვილის დაფინანსებული ტელევიზიის დირექტორი ზუკა გუმბარიძე იქნება

“ფორმულა კრეატივის” დამფუძნებლის, მიშა მშვილდაძის განცხადებით, დავით კეზერაშვილთან თანამშრომლობით დასაფუძნებელი ტელევიზიის დირექტორი ზუკა გუმბარიძე იქნება, რომლის სამუშაო კაბინეტსაც დღეს პროკურატურა ჩხრეკდა. ამის შესახებ მშვილდაძემ გადაცემა “თავისუფალ ბაზარში” ისაუბრა.

ზუკა გუმბარიძე “ფორმულა კრეატივის” ერთ-ერთ დამფუძნებელი, პროდიუსერი და “ინტერმედიის” დირექტორია, რომელიც რუსთავი 2-ის ქვეკონტრაქტორი სარეკლამო სახლია.

მიშა მშვილდაძის განცხადებით, დათო კეზერაშვილმა, ვისაც [რომელ პარტიასაც] არ უნდა დაუჭიროს მხარი, პირადად იძლევა გარანტიას, რომ ეს არ იქნება ახალი ტელევიზიის საქმიანობის მთავარი ღერძი, რადგან ამაზე წინასწარ შეთანხმდნენ. მშვილდაძის თქმით, დავით კეზერაშვილთან შეთანხმდნენ იმის თაობაზე, რომ ტელევიზია არ იმუშავებს ერთ პარტიაზე, რადგან ამით ვერ მიაღწევენ მიზანს.

ვრცლად:

კეზერაშვილთან შევთანხმდით, რომ ტელევიზია არ იმუშავებს ერთ პარტიაზე – მშვილდაძე


პროკურატურის განცხადებით, გამოძიება დაიწყეს რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე.

მათი შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები რუსთავის 2-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის “ინტერმედია” და “ინტერმედია პლუსიდან”, გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე.

აღნიშნულ საქმეზე სასამართლოში მოსამართლის თანდასწრებით დღეს რუსთავი 2-ის ყოფილი დირექტორი, ნიკა გვარამია გამოიკითხა.


  • ქავერის ფოტოზე – ზუკა გუმბარიძე © ტაბულა
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი