ახალი ამბებიხელოვნება

ცუცხვათის მღვიმოვანში 50 000 წლის წინანდელ ნეანდერტალელთა სამოსახლოს იკვლევენ

7 აგვისტო, 2019 • 23808
ცუცხვათის მღვიმოვანში 50 000 წლის წინანდელ ნეანდერტალელთა სამოსახლოს იკვლევენ

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ცუცხვათის მღვიმოვანის ტერიტორიაზე არსებულ ე.წ. ბრინჯაოს მღვიმეში მოპოვებული ნეანდერტალელი ბავშვის საღეჭი კბილი, ახალი კვლევების თანახმად, დაახლოებით 50 000 წლის წინანდელია.

  • ცუცხვათის მღვიმოვანში მიმდინარე ეროვნული მუზეუმის საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიციის სამეცნიერო ხელმძღვანელია საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ნიკოლოზ წიქარიძე.
  • ექსპედიცია, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, 2017 წლიდან, პროექტის  „ნეანდერტალელები სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, აგრძელებს მულტიდისციპლინურ კვლევას.

ფართომასშტაბიან სამუშაოებში მონაწილეობენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის პალეოანთროპოლოგები, პალეონტოლოგები, პალინოლოგები, ქვის ხანის არქეოლოგები და გეოლოგები. სამუშაოებში, ქართველ მკვლევრებთან ერთად, ჩართულები არიან ფრანგი და ამერიკელი მეცნიერები და 50-მდე ქართველი სტუდენტი.

ცუცხვათის მღვიმოვანის ხასიათი, თანამედროვე მეთოდების პროგრესი, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული მასალა და ამ ძეგლებზე არსებული ხელუხლებელი კულტურული ფენები უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა, დეტალურად გამოვიკვლიოთ ნეანდერტალელები, მათი ქცევა და თანამედროვე ადამიანთან ურთიერთობა თუ ურთიერთკავშირის შესაძლებლობა. ასევე, ვეცდებით გავცეთ პასუხები ნეანდერტალელთა გადაშენების მიზეზებს”, – წერს ეროვნული მუზეუმი.

ცუცხვათის ცამეტიარუსიანი მღვიმოვანის შესწავლა გასულ საუკუნეში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტის ინიციატივით დაიწყო. 1970-1971 და 1974-1975 წლებში საქართველოს ისტორიის სახელმწიფო მუზეუმი და პალეობიოლოგიის ინსტიტუტი აქ ერთობლივად აწარმოებდა არქეოლოგიურ გათხრებს. მღვიმოვანის ტერიტორიაზე მდებარე მღვიმეებში მიკვლეულ იქნა შუა პალეოლითის (ძველი ქვის ხანის შუა პერიოდი, დაახლ. 400 – 40 ათასი წლის წინ) ქვის იარაღები, ასევე, განამარხებული ცხოველების ძვლები.

ხანმოკლე ხასიათის საველე სამუშაოები ჩატარდა 1998-1999 და 2003-2004 წლებშიც, თუმცა, ფართომასშტაბიანი სამუშაოების მიუხედავად, მღვიმოვანის უდიდესი ნაწილი 2016 წლამდე შეუსწავლელი იყო.

ცუცხვათის მღვიმე დაცულ ტერიტორიას წარმოადგენს და ის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მმართველობაშია.  ცუცხვათის მღვიმოვანი ქუთაისიდან 25 კილომეტრში მდებარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი