ახალი ამბები

მარიკა კენჭოშვილი: “ბიძაჩემი ომში დაიღუპა. ერთ დღეში შევიცვალე”

8 აგვისტო, 2019 •
მარიკა კენჭოშვილი: “ბიძაჩემი ომში დაიღუპა. ერთ დღეში შევიცვალე”

11 წლის წინ მარიკა კენჭოშვილი ძმასთან ერთად სოფელში, ბებიასთან და ბაბუასთან იმყოფებოდა, როცა ომის დაწყების ამბავი გაიგო. ამის შესახებ მათ მეორე ბებიამ ამცნო, ახლომდებარე სოფლიდან, სადაც ბიძამისის, სამხედრო სერჟანტ ვალერი გოგნაძის შესახებ ცნობებს ელოდნენ. მარიკას ბიძა 2008 წლის 11 აგვისტოს, სოფელ ვარიანში დაიღუპა. მაშინდელ ვითარებაზე, თავის ფიქრებსა და განცდებზე მარიკა კენჭოშვილი “ნეტგაზეთს” ესაუბრა:

7 აგვისტოს დილა იყო. ჩემი ძმის ტელეფონზე ბებია რეკავდა და რომ უპასუხა, იყო რამდენიმეწამიანი დუმილი, შემდეგ- მისი სიტყვები: “ომი დაიწყო!”  ახლაც ტანში ჟრუანტელი მივლის ამის გახსენებაზე.

13 წლის ვიყავი, ჩემი ძმა – 15-ის. ვიყავით შოკში, არ ვიცოდით, რა უნდა გვექნა. პირველი, რაც გავაკეთეთ, წავედით მეორე სოფელში, ბებიასთან. ყველა იქ იყო შეკრებილი, რადგან იცოდნენ, ბიძა სამხედრო იყო. უკვე გადავერთეთ მოლოდინის რეჟიმზე, რომ იქნებ რამე ინფორმაცია გაგვეგო. თქვენც იცით, ასეთ ვითარებაში ხაზები გადატვირთულია, ვერავის ვერ ურეკავ…

ამავე პერიოდში ჩამოაგდეს ბომბი თბილისში. ჩემი მშობლები ზუსტად მაგ ადგილას ცხოვრობდნენ.

ამ გაუგებრობაში, ორმა პატარა ბავშვმა, ფაქტობრივად, მთელი ოჯახი ჩავიბარეთ ამ მძიმე დღეებში.

შემდეგ იყო 10 აგვისტო. დილით ადრე ბიძაჩემმა დარეკა. ტელეფონზე ნომერი რომ ვიცანი, არც კი მიფიქრია, რომ მე მეპასუხა. არ ვიცი, ეს რა იყო. ხანდახან გული მწყდება ხოლმე, ბოლოჯერ ვერ ველაპარაკე-მეთქი.

ეგრევე ბებიას მივეცი ტელეფონი. რომ ჰკითხა, სად ხარო – აინტერესებდა, ტერიტორიულად სად იყო, რომელ ნაწილში – ბიძაჩემმა უთხრა: “სადაც საჭიროა, იქ ვარ”. ეს იყო ბოლო სიტყვები, რომლებიც ბებიაჩემმა მისგან გაიგონა.

11 აგვისტოს დაიღუპა ბიძაჩემი. მოგეხსენებათ, ამ დღეს ომი თითქმის დამთავრებული იყო. ბიძაჩემი შეიარაღების სერჟანტი იყო, იარაღი და ტყვია-წამალი ებარა, რომელსაც დიდი მანქანიდან გასცემდნენ. ამ დროს, როდესაც [ქართული] ჯარი სოფელ ვარიანიდან გამოდიოდა, ბიძაჩემმა მანქანა უკან გააჩერა და სხვებს დაუთმო გზა. რადგან დიდი მანქანაა, სხვებს ხელს შევუშლით მოძრაობაშიო. როდესაც ყველა გამოატარა, ამ დროს მოუსწრო რუსეთის ჯარმა და ამ დროს დაიღუპა. წესით, უკვე გამოსული უნდა ყოფილიყო, მაგრამ დანარჩენების სიცოცხლეზე იზრუნა.

მაშინ არც ვიცოდით დნმ-ის შედეგები, როცა სოფლიდან დაბრუნებლნი მუხათგვერდში ავედით მე და ჩემი ოჯახი. არანაირი ცნობა არ გვქონდა მაშინ ბიძაჩემზე, თუმცა მოქალაქეობრივი ვალდებულებიდან გამომდინარე, ერთ-ერთი პირველები ავედით სასაფლაოზე. თურმე იქ ყოფილა.

მანამდე, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენმა ნათესავებმა მოიარეს მორგები და არსად იყო, რაღაც იმედი მაინც გვქონდა. ბოლოს, რამდენიმე სასულიერო პირი რომ შევიდა ცხინვალში, ამ დროს გადმოასვენეს ბიძაჩემი.

ადგილზეც ვიყავით ჩასული, ვარიანში. დაგვაინტერესა, რანაირად მოხდა ეს ყველაფერი. იქ გვითხრეს, რომ [რუსი ჯარისკაცები] ქართული დროშებით შემოვიდნენ, მოტყუებით. ამათ[ქართულ ჯარს] ჰქონდათ ინფორმაცია, რომ რუსები მოდიოდნენ, თუმცა რადგან ქართული დროშები დაინახეს, ასე აღმოჩნდა ბოლოს…

13 წლამდე ვიყავი უდარდელი ბავშვი, რომელსაც გარეთ ფეხბურთის თამაშის მეტი არაფერი არ უნდოდა. 13 წლის მერე, ერთ დღეში, შევიცვალე. 7 აგვისტოდან, დედაჩემი რომ ჩამოვიდა სოფელში, სხვა მარიკა გავხდი. დიდი ტრაგედია ძალიან მალე ზრდის ადამიანს, მალე აცნობიერებ ამ ყველაფერს. ჩემს ცხოვრებაშიც ზუსტად ასე მოხდა. ვარდისფერი სათვალე, რომელიც ძალიან დიდი ხანი შეიძლებოდა რომ მეტარებინა, ერთ დღეში დაიმსხვრა და გავხდი სხვა მარიკა, რომელიც მას შემდეგ, ალბათ, არც შეცვლილა.

ყველა დეტალი მახსოვს. ვინ მოდიოდა სახლში ამბის გასაგებად, ვინ გვირეკავდა… ალბათ, ყველა ადამიანი მახსოვს. იმდენად მძაფრი მოგონებები მაქვს, თითოეული დღის აღწერა შემიძლია გავაკეთო: როგორ ვიჯექით მე და ჩემი ძმა გარეთ გვიანობამდე, როგორ ველოდებოდით [ბიძაჩემს] იმ იმედით, რომ აი, ახლა შემოაღებს კარს. მძიმე განცდებია, რომელიც გამახსოვრდება და ვერ წაშლი.

ამის შემდეგ გავიდა წლები. თერჯოლიდან ვარ, იქ გვაქვს სოფელი. ოჯახმა გავაკეთეთ საქართველოს რუკის ფორმის სკვერი, სადაც არის ბიძაჩემის მემორიალი, ძეგლი და წარწერა: “საქართველოს ცისთვის ღირდა თავის გაწირვა”. დღემდე, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, ვიტყვი, რომ ძალიან ამაყი ვარ, რადგან ბიძაჩემმა თქვენთვის, ჩემთვის და ძალიან ბევრი ადამიანისთვის სიცოცხლე დათმო.

მარტო აგვისტო კი არა, ყველა თვე, დღე და წელი მეზარება მის გარეშე. წავიდა და წაიღო ყველაფერი… ბედნიერი დღეები… დღესასწაულები… ღიმილიც კი წაიღო… ჩემთვის აგვისტო ყორანს გავს, რომელიც წელიწადში ერთხელ მოდის და გულს მიკორტნის…უსამართლოა ხანდახან ღმერთიც.

ბიძია კოდორში რომ იყო, მაინც არ ავიწყდებოდა ჩვენთან დარეკვა და “გაკვეთილების ჩაბარება”. ძირითადად ისტორიას იბარებდა ხოლმე და ამის გამოც არ მიკვირს ის, რომ სხვები გამოუშვა წინ. ერთხელ დედაჩემს უთხრა, ისე როგორ უნდა მოვკვდე, სამშობლოსთვის არ ვიბრძოლოო. “აისრულა ოცნება”. სულით იყო გმირი და საქართველოზე შეყვარებული ადამიანი. გულს ვიმშვიდებ ხოლმე, სხვანაირად რომ მოქცეულიყო და პირველი გამოსულიყო, საკუთარ თავს მაინც ვერ აპატიებდა-მეთქი. თუმცა სიკვდილი და ჩვენი დატოვება მაინც ვერ ვაპატიე.


წელს 11 წელიწადი გავიდა 2008 წლის სამხედრო კონფლიქტიდან, რომელიც “აგვისტოს ომის” სახელით მოიხსენიებენ. ომი 5 დღე, 7 აგვსტოდან 13 აგვისტომდე გაგრძელდა, რის შემდეგაც საქართველომ დაკარგა კონტროლი კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონზე.

ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის შეჭრის შედეგად დაღუპულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

მთავარ ფოტოზე: მარიკა კენჭოშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი