ახალი ამბები

საფრანგეთი აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

8 აგვისტო, 2023 • 1723
საფრანგეთი აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომის 15 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და რუსეთს მოუწოდებს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს და 8 სექტემბერს აღებული ვალდებულებები.

„აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების თვითგამოცხადებული ხელისუფლებების ცალმხრივი აღიარება, ამ რეგიონების მილიტარიზაცია, ისევე როგორც მათ და დანარჩენ საქართველოს შორის ურთიერთობისთვის დაბრკოლებების შექმნა, წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის მიუღებელ ხელყოფას“, — ნათქვამია განცხადებაში.

საფრანგეთი მხარდაჭერას უცხადებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პლატფორმას, რომელსაც თანათავმჯდომარეობენ ევროკავშირი, ეუთო და გაერთიანებული ერები.

„მხოლოდ ის მისცემს შესაძლებლობას მხარეებს, იმუშაონ საერთო გადაწყვეტის სასარგებლოდ. საფრანგეთი სრულად უჭერს მხარს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მუშაობას, ისევე როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას“, — ნათქვამია განცხადებაში.

15 წელი გავიდა საქართველოში რუსეთის შეიარაღებული ძალების შემოჭრიდან და 2008 წლის “აგვისტოს ომის” დაწყებიდან. ოფიციალური მონაცემებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად საქართველოს მხრიდან დაიღუპა თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, 14 პოლიციელი, 224 სამოქალაქო პირი. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობამ 2 232 შეადგინა. ამასთან, საქართველომ დაკარგა კონტროლი კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონზე.

ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენმა მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის 7 აგვისტოს, 23:35 წუთზე გასცა სამხედრო ოპერაციის ბრძანება. რიგი წყაროები მიუთითებენ, რომ ამ დროისთვის საქართველოში უკვე შემოჭრილი იყო რუსეთის რეგულარული არმია, თუმცა მოსკოვის პოზიციაა, რომ ისინი საპასუხოდ, 8 აგვისტოს შემოვიდნენ.

სხვა ქვეყნები, რუსეთის და საფრანგეთის გარდა, 2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავს 7 აგვისტოს გაემოხმაურნენ.

2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან 15 წელი გავიდა

ომის აცილება შესაძლებელი იყო – ღარიბაშვილი აგვისტოს ომზე 

მასალების გადაბეჭდვის წესი