ახალი ამბები

საფრთხე გამოხატვის თავისუფლებისთვის – “ოცნების” საარჩევნო ცვლილებების შეფასება

5 აგვისტო, 2019 • 1852
საფრთხე გამოხატვის თავისუფლებისთვის – “ოცნების” საარჩევნო ცვლილებების შეფასება

პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის შეფასებით, “ქართული ოცნების” მიერ საარჩევნო კოდექსში ინიცირებული ცვლილებები საფრთხის შემცველია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში. კერძოდ, კრიტიკის საფუძველი გახდა პოლიტიკური რეკლამის შინაარსის თვალსაზრისით დაწესებული რეგულაციები და წინასაარჩევნო რეკლამის კანონით დადგენილი ვალდებულებების დარღვევით განთავსების გამო მედიის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.

საარჩევნო კოდექსში ინიცირებული ცვლილებებით, “საარჩევნო პროგრამა, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი მოწოდება/განცხადება/ქმედება, არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, სიძულვილის ენასა და ქსენოფობიურ განცხადებებს”.

ამასთან, “დაუშვებელია ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ სარეკლამო დროის ფარგლებში ისეთი სარეკლამო რგოლის მომზადება და მაუწყებელთა მიერ მათი განთავსება, რომელიც სხვა საარჩევნო სუბიექტის სააგიტაციო მიზნებს ემსახურება. საარჩევნო სუბიექტის რეკლამა არ უნდა შეიცავდეს სხვა საარჩევნო სუბიექტის რეკლამის ელემენტებს. ანტირეკლამა არ უნდა აღემატებოდეს სარეკლამო რგოლის 25%-ს”.

მაუწყებელს ეკრძალება, განათავსოს ტელევიზიისა და რადიოს ეთერში ისეთი წინასაარჩევნო რეკლამა, რომლის შინაარსიც აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის კანონით დადგენილი ვალდებულებების დარღვევით განთავსება “გამოიწვევს შესაბამისი საარჩევნო სუბიექტებისა და მედიის საშუალების დაჯარიმებას ამ რეკლამისთვის განსაზღვრული ტარიფის ორმაგი ოდენობით”.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი ნატა ძველიშვილი ყურადღებას ამახვილებს, რომ ხელისუფლება სიძულვილის ენაში ხშირად არასწორად მოიაზრებს შეურაცხმყოფელ ტერმინებს, ამიტომ კარგად უნდა იყოს განმარტებული, რა იგულისხმება ამ ტერმინში, ამასთან, ეს იყოს პარტიების ეთიკის ნაწილი და არა მაუწყებლის პასუხისმგებლობის საკითხი.

“ამ კანონპროექტით შემოაქვთ სიტყვები – სიძულვილის ენა, რაც არსად არ არის განმარტებული, რას მოიაზრებს. ცალ-ცალკე წერია სიძულვილის ენა და ქსენოფობია, მაშინ როდესაც ვიცით, რომ ქსენოფობია არის სიძულვილის ენა. ჩვენ გვაქვს ძალიან ცუდი გამოცდილება, როგორ განმარტავს ხელისუფლება სიძულვილის ენას, ამიტომ ეს არის ძალიან სახიფათო, თანაც იმ პირობებში, როდესაც რეკლამის შინაარსზე პასუხისმგებლობა პრაქტიკულად მაუწყებელს ეკისრება”, – განაცხადა ნატა ძველიშვილმა.

ნატა ძველიშვილი ასევე პრობლემურად მიიჩნევს, რომ მაუწყებლებს არ ექნებათ საშუალება, საარჩევნო კამპანიის განმავლობაში რეკლამის ტარიფები შეცვალონ.

“შეზღუდვები წესდება ანტირეკლამაზეც. ეს ჩემი წარმოდგენით წინააღმდეგობაში მოდის გამოხატვის თავისუფლებასთან. საარჩევნო სუბიექტს უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, თვითონ გადაწყვიტოს, რა ტიპის საარჩევნო კამპანიას აწარმოებს”, – განაცხადა ძველიშვილმა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თავმჯდომარის შეფასებით, ამ ცვლილებების საფუძველზე 2020 წლისთვის მივიღებთ საარჩევნო კამპანიას, როდესაც მაუწყებლებს დაეკისრებათ პასუხისმგებლობა ყველა იმ დაბალი პოლიტიკური კულტურის გამოვლინებაზე, რაც პოლიტიკოსებს ახასიათებთ ხოლმე.

“არის ძალიან ხისტი რეგულაციები, რომლის მიზანია, პარტიას შეუზღუდოს შინაარსი საკუთარი პოლიტიკური რეკლამისა, რაც არის პირდაპირი ცენზურა და ჩარევა ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის საქმიანობაში, რომელმაც თავად უნდა გადაწყვიტოს, სურს პოზიტიური თუ ნეგატიური რეკლამა, საკუთარი თავის წარმოჩნა თუ ოპონენტზე ინფორმაციის  გაჟღერება. ნებისმიერი რამ შეიძლება, ხელისუფლებამ მიუღებლად ჩათვალოს და მარეგულირებლის გამოყენებით, მოახდინოს ამა თუ იმ რეკლამის დაბლოკვა”, – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავამ.

პარლემენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ სიძულვილის ენასა და ქსენოფობიაში ამ ტერმინების კონვენციური განმარტებები იგულისხმება.

1997 წელს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციით, “სიძულვილის ენა მოიაზრებს გამოხატვის ყველა ფორმას, რომელიც ავრცელებს, ხელს უწყობს, პროვოცირებას უწევს ან ამართლებს ქსენოფობიას, რასობრივ შუღლს, ანტისემიტიზმს, ასევე, შეუწყნარებლობის სხვა სახით გამოვლინებას – ეთნოცენტრიზმს, ნაციონალიზმს, დისკრიმინაციას, უმცირესობათა ან მიგრანტთა მიმართ მტრობას”.

დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ ტერმინების შინაარსი ქართული კანონმდებლობითაც დაზუსტდება.

“ჩვენ კარგად გვახსოვს, ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე  როგორ იქნა გამოყენებული სიძულვილის ენა საეთერო დროის ხარჯზე, ნაცვლად პარტიული პროპაგანდისა, როგორ ეწეოდნენ სიძულვილის ენის პროპაგანდას. აქედან გამომდინარე ხდება ისეთი რეგულაციების შეტანა კანონმდებლობაში, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული ეს საკითხი და საარჩევნო პროცესი დაემსგავსოს საარჩევნო პროცესს, იყოს პოზიტიური რეკლამა და არა ნეგატიური”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, სიძულვილის ენის და ქსენოფობიის განმარტება არ უნდა იყოს სუბიექტურ შეხედულებებზე დამოკიდებული და სწორედ ამიტომ მიმდინარეობს მუშაობა ისეთ რეგულაციებზე, რომელიც სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე მოახდენს საკითხის დარეგულირებას.

ნახეთ, რას გულისხმობს ხელისუფლების დაანონსებული ცვლილებები:

10 საარჩევნო ცვლილება, რომელსაც ხელისუფლება გეგმავს

მასალების გადაბეჭდვის წესი