ახალი ამბები

ტიკტოკზე გამოხატვის თავისუფლების საქმე საიამ სტრასბურგში გაასაჩივრა

11 დეკემბერი, 2023 • 796
ტიკტოკზე გამოხატვის თავისუფლების საქმე საიამ სტრასბურგში გაასაჩივრა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) სოციალურ ქსელში გამოხატვის თავისუფლების დაცვის შესახებ საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრა.

საქმე ეხება მოქალაქის მიერ “ტიკტოკზე” განთავსებულ ვიდეოს, რომელშიც იგი თბილისში არსებული საცობების გამო აკრიტიკებს ადამიანებს, რომლებიც თავიანთ სამსახურებრივ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებენ და პრივილეგირებული მდგომარეობით სარგებლობენ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2 000-ლარით დააჯარიმა.

საიას სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტის, დავით ჯავახიშვილის ინფორმაციით, ეს არის სოციალურ ქსელ „ტიკტოკზე“ გამოხატვის თავისუფლების შესახებ პირველი საქმე, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს წარედგინა.

“განმცხადებელი აპროტესტებდა თბილისში არსებულ სატრანსპორტო პოლიტიკას. მათ შორის, სამართალდამცავების მიერ გატარებულ ზომებს იმ თვალსაზრისთ, რომ სამართალდამცავები არ აჯარიმებენ იმ სამთავრობო ავტომობილებს, რომლებიც ე.წ. ავტობუსის ზოლებში გადაადგილდებოდნენ. ამას ახლდა განმცხადებლის კრიტიკა, რასაც რამდენიმე დღეში მოჰყვა ის, რომ მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს”, – განაცხადა დავით ჯავახიშვილმა.

იურისტი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, სასამართლომ ძალიან ფართო ინტერპრეტაციით განიხილა. საია-ში აცხადებენ, რომ სოციალურ ქსელში “უხეში ფორმით დაფიქსირებულ კრიტიკაზე” ეს მუხლი არ უნდა ვრცელდებოდეს.

“ამას აქვს მსუსხავი ეფექტი, თავად განმცხადებლის უფლების რეალიზებაზე და ყველა იმ ადამიანზე, ვინც სოციალურ ქსელში გარკვეულ აზრს გამოთქვამს. საია მსგავსი ტიპის დარღვევებზე ყოველთვის მოახდენს შესაბამის რეაგირებას”, – განაცხადა იურისტმა.

მისი ინფორმაციით, საქმეში გამოიკვეთა არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ნინშები, რასაც ამ ეტაპზე სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს. დავით ჯავახიშვილი ამბობს, რომ საია ამ მიმართულებითაც გააგრძელებს მუშაობას და იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთა ადამიანის უფლებათა კონვენციის სხვა მუხლების დარღვევის ფაქტები, ისევ მიმართავენ სტრასბურგის სასამართლოს.

საიას თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის ინფორმაციით, 2023 წელს ეს არის მესამე საქმე, რომლითაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საქმეზე სტრასბურგს მიმართეს. ქურდოვანიძე საგანგაშოდ აფასებს ტენდენციას სოციალურ ქსელებში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობებს.

საიას თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა, ზოგადად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილების საჭიროებაზე.

“ამ კოდექსის წყალობით, სამწუხაროდ, იზღუდება გამოხატვის და შეკრების თავისუფლება და ეს პრაქტიკები დღითიდღე იმატებს. ჩვენ არაერთი ასეთი საქმე დავამონიტორინგეთ მთელი წლის განმავლობაში”, – ამბობს ქურდოვანიძე.

საქართველოში მოქმედი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი 1984 წელსაა მიღებული. ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები მის რეპრესიულ ბუნებაზე საუბრობენ და უკვე წლებია მოითხოვენ კოდექსის განახლებას.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი