ახალი ამბები

10 საარჩევნო ცვლილება, რომელსაც ხელისუფლება გეგმავს

5 აგვისტო, 2019 • 2065
10 საარჩევნო ცვლილება, რომელსაც ხელისუფლება გეგმავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დღეს, 5 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე დააანონსა ის 10 მნიშვნელოვანი ცვლილება, რომლის მიღების შემდეგ უნდა გაიმართოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები.

თალაკვაძის თქმით, მმართველ პარტიას სურს, “გახსნას პოლიტიკური სისტემა მონაწილეობისთვის, რათა მომავალში პოლიტიკა საქართველოში იყოს უფრო დემოკრატიული, დაბალანსებული და მშვიდი; შემცირდეს პოლარიზაცია და მეტი სივრცე იყოს თანამშრომლობისა და საქმიანი დისკუსიისთვის”.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, დღეს იწყებენ კონსულტაციების მესამე რაუნდს, რომელშიც ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები მონაწილეობენ.

“ოცნებას” დაგეგმილი აქვს შემდეგ ცვლილებები:

  1. კონსტიტუციურ კანონპროექტი, რომლის თანახმად არჩევნები ჩატარდება პროპორციული წესით და ნულოვანი ბარიერით 2020 წელს;
  2. შეიცვლება პარტიების დაფინანსების სისტემა უფრო სამართლიანი და ობიექტური მოდელით, სადაც პარტია, რომელიც თუნდაც ერთ მანდატს მოიპოვებს პარლამენტში, დაფინანსებას მიიღებს არჩევნებში მოპოვებული ხმების შესაბამისად, ახალი, გამჭვირვალე და მარტივად გასაგები ფორმულით; მცირე პარტიები მიიღებენ შედარებით მეტ დაფინანსებას;
  3. პარლამენტში შესული პარტია, რომელსაც არჩევნებზე წარდგენილ პარტიული სიის ყოველ სამეულში ერთი კანდიდატი განსხვავებული სქესის ეყოლება – კვლავაც მიიღებს 30%-იან დანამატს;
  4. უფასო საეთერო დრო სამართლიანად, თანაბრად განაწილდება პოლიტიკურ პარტიებზე. დაუშვებელი იქნება ერთი პარტიის მიერ საკუთარი დროის გადაცემა სხვა პარტიისთვის. სატელევიზიო დებატებში მონაწილეობა იქნება თანაბრად ხელმისაწვდომი;
  5. ცენტრალური საარჩევნო კომისია, ასევე ქვედა დონის საარჩევნო კომისიები, დაკომპლექტდება 13 წევრისგან, რომელთაგან 7 წევრს კომისიაში პოლიტიკური პარტიები შეიყვანენ ისე, რომ ოპოზიციას გარანტირებულად ექნება მეტი ადგილი, ვიდრე მმართველ პარტიას;
  6. წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების ზედამხედველობა და კონტროლი იქნება უფრო ეფექტიანი, გამჭვირვალე და ნაკლებ ბიუროკრატიული;
  7. პარტიის რეგისტრაცია 2020 წლის არჩევნებისთვის შესაძლებელი იქნება 5000 მხარდამჭერის ხელმოწერით, ხოლო მხარდამჭერთა სიების გადამოწმების მექანიზმი გამარტივდება;
  8. ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველი უფლებამოსილი იქნება ხმის მისაცემად თავად შეარჩიოს შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე ნებისმიერი ადაპტირებული საარჩევნო უბანი, არაუგვიანეს არჩევნებამდე მე-6 დღისა;
  9. გამარტივდება საარჩევნო დავებთან დაკავშირებული პროცედურები- ცესკო, კომუნიკაციების ეროვნული კომისია და სასამართლო ვალდებული იქნებიან სამართალდარღვევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღონ 10 დღის ვადაში;
  10. დარეგულირდება ბიულეტენის ნამდვილობის შემოწმების წესი: ბიულეტენი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ბათილად მიჩნეული, თუ მონიშნული არ იქნება არცერთი / ან მონიშნული იქნება ერთზე მეტი საარჩევნო სუბიექტი; ჩვენი მხრიდან არის პოლიტიკური ნება და მზადყოფნა, გავატაროთ ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური რეფორმა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ამ ცვლილებებს სჭირდება ოპოზიციის მხარდაჭერა, რის გამოც მართავენ დღევანდელ შეხვედრას.

ნახეთ, როგორ აფასებენ ხელისუფლების ინიციატივას:

საფრთხე გამოხატვის თავისუფლებისთვის – “ოცნების” საარჩევნო ცვლილებების შეფასება

მასალების გადაბეჭდვის წესი