ტელეკომპანია “რუსთავი 2” კიდევ ერთმა თანამშრომელმა, მანანა მანჯგალაძემ დატოვა, რომელიც გადაცემა “Forbes კვირაში” რუბრიკა “საქმიანების” ავტორი გახლდათ.
მანანა მანჯგალაძემ ფეისბუკზე დაწერა, რომ დღეს უკანასკნელი ეთერი ჰქონდა “რუსთავი 2”-ში, რომელსაც უკვე მესამედ ემშვიდობება.
შეცდომები? როგორ არ იყო. ეს ყველაზე კარგად იქაურებმა იციან, მაგრამ ესეც რუსთავიორულია – შიდა საქმე გარეთ არ გამოდიოდა. ერთი სიტყვით – აქ ჩაკეტავ, ჩაახშობ… სხვაგან ამოხეთქვს”, – წერს ჟურნალისტი.
2019 წლის 18 ივლისს გამოქვეყნებული გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს “რუსთავი 2”-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაუდგენია. ამ გადაწყვეტილებით, სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ კანონიერია საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის. იმავე დღეს, რამდენიმე საათში, სახელმწიფომ ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა.
18 ივლისს ნიკა გვარამია დირექტორის პოსტზე ჩაანაცვლა ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ. საკადრო ცვლილებები უკვე განხორციელდა ტელეკომპანიის მენეჯმენტის სხვადასხვა რგოლში. არხი რამდენიმე თანამშრომელმა უკვე დატოვა, თუმცა მუშაობას ჯერ-ჯერობით აგრძელებს “კურიერის” გუნდი ნოდარ მელაძის ხელმძღვანელობით.
“რუსთავი 2”-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ახალი ოპოზიციური არხის გაკეთება დააანონსა, რომელმაც შესაძლოა ზაზა ოქუაშვილის ტელეკომპანია “იბერიის” ბაზაზე იმაუწყებლოს. ნიკა გვარამია ამბობს, რომ არხის დაფინანსების საკითხზე ყველასთან დაელაპარაკება, “მიხეილ სააკაშვილით დაწყებული, ზაზა ოქუაშვილით დამთავრებული”.
ახალი ტელეკომპანიის შექმნა დააანონსა “ფორმულა კრეატივმაც”, რომლის პროდუქტიც სწორედ რუსთავი 2-ზე გადიოდა, მათ შორის, სერიალი “ჩემი ცოლის დაქალები”. ამ ტელეკომპანიას ყოფილი თავდაცვის მინისტრი, დავით კეზერაშვილი დააფინანსებს. ტელეკომპანიის დირექტორი “ფორმულა კრეატივის” ერთ-ერთ დამფუძნებელი, პროდიუსერი და “ინტერმედიის” დირექტორი, ზუკა გუმბარიძე იქნება. “ფორმულა კრეატივის” კიდევ ერთი დამფუძნებლის, მიშა მშვილდაძის თქმით, დავით კეზერაშვილთან შეთანხმდნენ იმის თაობაზე, რომ ტელევიზია არ იმუშავებდა ერთ პარტიაზე.