ახალი ამბებისაზოგადოება

გვარამია: გადავწყვიტე, გავაკეთო ამ ქვეყნის მთავარი და საუკეთესო ტელევიზია

26 ივლისი, 2019 • 2624
გვარამია: გადავწყვიტე, გავაკეთო ამ ქვეყნის მთავარი და საუკეთესო ტელევიზია

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის რამდენიმე დღის წინ გათავისუფლებული გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ბევრი ფიქრისა და კონსულტაციების შემდეგ, მათ შორის პოტენციურ ინვესტორებთან, რამდენიმე პარტნიორთან ერთად ახალი ტელევიზიის შექმნა გადაწყვიტა.

“მთავარი და საუკეთესო. უკეთესი, ვიდრე ნებისმიერი სხვა. უკეთესი, ვიდრე ის, რომელიც აქამდე ყველაზე საუკეთესო მგონია. ჩემი ამბიცია მხოლოდ საუკეთესოს გაკეთებაა, და საუკეთესოს, ცხადია, მხოლოდ საუკეთესოები გააკეთებენ. გპირდებით, საუკეთესო ეთერი გელით, და გპირდებით, უფრო მალე, ვიდრე გგონიათ”, – წერს გვარამია ფეისბუკზე.

რაც შეეხება, ახალი ტელევიზიის შესაქმნელად საჭირო ფინანსურ რესურს, როგორც ის ამბობს, “ახალი ტელევიზიის დასახმარებლად მალე საჯარო კამპანია დაიწყება”.

“თავს უფლებას მივცემ და ჩემს თხოვნასაც გავაჟღერებ: სრულიად არ მეპარება ეჭვი, რომ ძალიან მალე ახალი ტელევიზია ქვეყნის მთავარი არხი გახდება და მის შემოსავლებს უკიდურესად ოპტიმისტურად ვუყურებ. თუმცა, თავიდან მნიშვნელოვანი ინვესტიციებია საჭირო. ინვესტორები არიან, მაგრამ ხარჯი უფრო მეტია, როგორც ყოველთვის. ძალიან მალე დავიწყებთ საჯარო კამპანიას ახალი ტელევიზიის დასახმარებლად.

ამ კამპანიას მალე დავიწყებთ იმ იმედით, რომ დაგვეხმარებით, როგორც შეძლებთ. გპირდებით, თქვენს შემოწირულობას ვაქცევთ მნიშვნელოვან ინვესტიციად ჩვენი სამშობლოს წარმატებულ მომავალში, სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაში”.


2019 წლის 18 ივლისს გამოქვეყნებული გადაწყვეტილებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაუდგენია. ამ გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ კანონიერია საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის.

იმავე დღეს, რამდენიმე საათში, სახელმწიფომ ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა. გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია — ჯერჯერობით ერთადერთი გათავისუფლებული თანამშრომელი — ხალვაშის ადვოკატმა, პაატა სალიამ ჩაანაცვლა.

არხის ჟურნალისტებისა და სხვა თანამშრომლებისათვის ახლა გადამწყვეტია გარანტიები, რომ შეინარჩუნონ ის სარედაქციო პოლიტიკა — ხელისუფლების კრიტიკისკენ მიმართული — რაც აქამდე ჰქონდათ. ყოფილ მფლობელებს შეუძლიათ, საქმე სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში გაასაჩივრონ [პარალელურად ყარამანიშვილებს ნინო ნიჟარაძე ისევ უჩივის].

თუკი დიდმა პალატამ ან არ მიიღო განხილვაში საჩივარი, ან იგივე გადაწყვეტილება დატოვა, ეს საბოლოოდ ნიშნავს, რომ მნიშვნელობა არა აქვს, თუ ვინ ფლობდა არხს ქიბარ ხალვაშის (2006 წ) შემდეგ.

არ მინდა რუსთავი 2 ისე დამიბრუნდეს, კითხვის ნიშანი დარჩეს – ინტერვიუ დავით დვალთან

მასალების გადაბეჭდვის წესი