ახალი ამბები

გვარამიას თქმით, მისი ახალი არხის დაფინანსებას ზაზა ოქუაშვილიც აპირებს

1 აგვისტო, 2019 • 1915
გვარამიას თქმით, მისი ახალი არხის დაფინანსებას ზაზა ოქუაშვილიც აპირებს

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, რომ მის მიერ შექმნილი ახალი არხის სამომავლოდ დაფინანსების სურვილი “იბერია ბიზნესჯგუფის” დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმაც გამოთქვა. ამის შესახებ გვარამიამ დღეს, პირველ აგვისტოს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია-გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა.

გადაცემის წამყვანმა შოთა დიღმელაშვილმა გვარამიას ჰკითხა, თუ როგორ აპირებდა ახალი არხის დაფინანსებას.

“ფული მოდის ბევრი მხრიდან, მე ვმუშაობ ფანდრაიზინგზე. სამწუხაროდ, მე არ მაქვს ფუფუნება, რომ მყავდეს ისეთი დამფინანსებელი, როგორიც მეორე შემთხვევაშია (დავით კეზერაშვილი), წინააღმდეგ შემთხვევაში, ბევრად სწრაფად გავაკეთებდი ამ ყველაფერს. ვმუშაობ ბევრი მიმართულებით. ყველასთან დავილაპარაკებ, მიხეილ სააკაშვილით დაწყებული, ზაზა ოქუაშვილით დამთავრებული. ზაზა ოქუაშვილს ნამდვილად ველაპარაკე და ის აპირებს ამაში მონაწილეობის მიღებას.

ყველა ადამიანს დაველაპარაკები, ვინც ებრძვის დიქტატურას საქართველოში და მივიღებ მათგან ფულს, გავაკეთებ საქვეყნო საქმეს, იმ საქმეს, რასაც ჰქვია ბიძინა ივანიშვილის წასვლა. მე არ მერცხვინება არავისთან ლაპარაკი, მიხეილ სააკაშვილთან, მით უმეტეს. მისი შეცდომები განსახილველია, მაგრამ მე ვთვლი, სააკაშვილი თანამედროვე საქართველოს დამფუძნებელია და მასთან ლაპარაკი სირცხვილი არ არის”, – თქვა ნიკა გვარამიამ.

ზაზა ოქუაშვილმა “ქართული ოცნების” ხელისუფლება გასულ წელს დაადანაშაულა დევნასა და რეკეტში. ამის შემდეგ კი დახურა თავისი კუთვნილი ტელეარხი “იბერია”.

მასალების გადაბეჭდვის წესი