კომიტეტის წევრის ანა მიქაუტაძის თქმით, 17 დეკემბერს საყდრისის დაცვის საზოგადოებრივმა კომიტეტმა საყდრისის ბორცვზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალები იუნეკოს გაუგზავნა, რომლის პასუხის იუნსკომ 20 იანვარს კომიტეტს მისწერა.
“წერილში აღნიშნულია, მიუხედავად იმისა, რომ ძეგლი არც კულტურული მემკვიდრეობის სიაშია და არც საქართველოს დროებით სიაშია შეტანილი, თქვენ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია გამოვიკვლიეთო და ჩვენი წერილი საქართველოს ხელისუფლებას გადაუგზავნეს და მათგან მოითხოვეს დეტალური ინფორმაცია. როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებას გაუგზავნია მათთვის ინფორმაცია და წერილში წერია, რომ საქართველომ ცენტრს დეტალური ანგარიში გადმოსცაო და ინფორმაცია, რომელიც თქვენ მოგვაწოდეთ, ამჟამად მოწმდება საკონსულტაციო საბჭოების მიერო და საჭიროების შემთხვეაში მათი დასკვნები გადაეცემა საქართველოს ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს რეაგირებისთვისო,”- ამბობს ანა მიქაუტაძე.
საყდრისის მაღარო არის არქეოლოგიური ობიექტი ბოლნისის რაიონში, რომელსაც 2013 წლის 5 ივლისამდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჰქონდა. საყდრისი მაღაროს გარშემო დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანია RMG-მ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მიმართა, რომ ძეგლი, რომლის მნიშვნელობა გაზვიადებული იყო, მის სალიცენზიო ტერიტორიაზე მდებარეობდა და ოქროს მოპოვებაში ხელს უშლიდა.
ბიძინა ივანიშვილმა და ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთხელ განაცხადეს, რომ საყდრისი არ წარმოადგენს მნიშვნელოვან ისტორიულ ობიექტს. მის მნიშნელობაში ეჭვი შეჰქონდათ კულტურის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, რომელმაც 2014 წლის 13 მარტს კომპანია MRG-ს საყდრისის ტერიტორიაზე მიწის სამუშაოების წარმოების უფლება მისცა. თუმცა მოგვიანებით სააგენტოს მიერ მოწვეულმა ექსპერტებმაც დაადასტურეს, რომ საყდრისის მაღარო უძველესია და იქ ოქროს ან სპილენძს მოიპოვებდნენ. ეს საკითხი კი შემდეგ კვლევებს უნდა გაერკვია.
ამის მიუხედავად, კომპანია „RMG“-მ 13 დეკემბერს საყდრისი-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები დაიწყო. კომპანიამ სამუშაოები 2014 წლის 12 დეკემბერს გამოცემული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის №03/266 ბრძანებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის №2/271 ბრძანების საფუძველზე განაახლა. განახლებული სამუშაოების ფარგლებში საყდრისში ორი აფეთქება განხორციელდა.
კომპანიის ქმედების შემდეგ განახლდა აქციებიც საყდრისის მხარდასაჭერად. აქციის მონაწილეები საყდრისში მიწის სამუშაოების შეჩერებასა და კვლევის გაგრძელებას მოითხოვენ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო კი აცხადებს, რომ ობიექტი იმდენად დაზიანებულია, რომ კვლევის გაგრძელება შეუძლებელია.