საყდრისი–ყაჩაღიანის უძველეს მაღაროში აღმოჩენილი ექსპონანტები ბოლნისის განახლებულ მუზეუმში გამოფინეს. მუზეუმის მოწყობა იმ კომპანიის დაფინანსებით მოხდა (RMG Gold), რომელმაც 2014 წელს საყდრისის უძველესი მაღარო ააფეთქა.

საყდრისის მაღარო არქეოლოგიური ობიექტია ბოლნისის რაიონში, რომელსაც 2013 წლის 5 ივლისამდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჰქონდა. საყდრისი მაღაროს გარშემო დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანია RMG-მ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მიმართა, თითქოს ძეგლი, რომლის მნიშვნელობა გაზვიადებული იყო, მის სალიცენზიო ტერიტორიაზე მდებარეობდა და ოქროს მოპოვებაში ხელს უშლიდა.

ბიძინა ივანიშვილმა და ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთხელ განაცხადეს, რომ საყდრისი არ წარმოადგენს მნიშვნელოვან ისტორიულ ობიექტს. მის მნიშვნელობაში ეჭვი შეჰქონდათ კულტურის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, რომელმაც 2014 წლის 13 მარტს კომპანია RMG-ის საყდრისის ტერიტორიაზე მიწის სამუშაოების წარმოების უფლება მისცა. თუმცა მოგვიანებით სააგენტოს მიერ მოწვეულმა ექსპერტებმაც დაადასტურეს, რომ საყდრისის მაღარო უძველესია და იქ ოქროს ან სპილენძს მოიპოვებდნენ. ეს საკითხი კი შემდეგ კვლევებს უნდა გაერკვია.

ამის მიუხედავად, კომპანია RMG-იმ 13 დეკემბერს საყდრისი-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები დაიწყო. კომპანიამ სამუშაოები 2014 წლის 12 დეკემბერს გამოცემული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის №03/266 ბრძანებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის №2/271 ბრძანების საფუძველზე განაახლა. განახლებული სამუშაოების ფარგლებში საყდრისში ორი აფეთქება განხორციელდა.

კომპანიის ქმედების შემდეგ განახლდა აქციებიც საყდრისის მხარდასაჭერად. აქციის მონაწილეები საყდრისში მიწის სამუშაოების შეჩერებასა და კვლევის გაგრძელებას მოითხოვდნენ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო კი აცხადებს, რომ ობიექტი იმდენად დაზიანებულია, რომ კვლევის გაგრძელება შეუძლებელია.

2018 წელს კულტურის სამინისტრომ, რომელიც 2014 წელს აცხადებდა, რომ საყდრისი უძველესი ოქროს მაღარო არ იყო, აფეთქებული საყდრისიდან მოპოვებული არტეფაქტები ფრანკფურტში წიგნის ბაზრობაზე გამოფინა იმის დასტურად, რომ საქართველო ოქროს მოპოვების უძველესი კერაა.

რაც შეეხება არქეოლოგიურ მასალებს, რომელიც საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროში იყო მოპოვებული, მუდმივი ექსპოზიციის სახით ბოლნისის ახალ მუზეუმში იქნება წარმოდგენილი.

ეროვნული მუზეუმის განცხადებით, განახლებული მუზეუმის საექსპოზიციო სივრცეებში სამეცნიერო მნიშვნელობის არქეოლოგიური მასალა და ხელოვნების ნიმუშებია გამოფენილი, ძირითადად, საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებიდან და  ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმიდან:

“მუზეუმის ექსპოზიცია წარმოაჩენს ქვემო ქართლის ისტორიას, რეგიონის უნიკალურობას და საქართველოს, როგორც მსოფლიოს ერთიანი სისტემის ნაწილს, მრავალი მიმართულებით: რეგიონის ბუნების მრავალფეროვნება, ადრეული ჰომინიდები, უძველესი მიწათმოქმედება, უძველესი მეტალურგია, ადრეული დამწერლობა – ქართული დამწერლობის საფუძვლები და ქრისტიანული კულტურის ისტორია
დამთვალიერებელი ასევე გაეცნობა 200 წლის წინ სამხრეთ გერმანიიდან საქართველოში ჩამოსახლებული გერმანელების ისტორიას, და ასევე, ზოგადად, ქვემო ქართლს, როგორც მულტიკულტურულ რეგიონს, სადაც ქართველებთან ერთად ცხოვრობდნენ სომხები, აზერბაიჯანელები, ოსები, ბერძნები, რუსები, გერმანელები და სხვა”, – აცხადებენ ეროვნულ მუზუმში.
საექსპოზიციო სივრცეების გარდა, მუზეუმში სამეცინიერო ლაბორატორიები, აუდიტორია, ბიბლიოთეკა-მედიათეკა და საზოგადოებრივი სივრცეებიც არის მოწყობილი.