ხაზარაძე-ჯაფარიძეს 700-700 ათასი ლარი გირაო შეუფარდეს და ქვეყნიდან გასვლა შეუზღუდეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ “თიბისი ბანკის” დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო – თითოეულს 700 ათასი ლარი – შეუფარდა.

გარდა გირაოს შეფარდებისა, პროკურატურა ითხოვდა ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისთვის ქვეყნიდან გასვლის აკრძალვას საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე. სასამართლომ ეს მოთხოვნაც დააკმაყოფილა.

ბრალდებულთა ადვოკატის თქმით, ბიზნესმენებისთვის ქვეყნიდან გასვლის შეზღუდვა არის პირდაპირი ზეწოლა მათ საქმიანობაზე.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით ხაზარაძისთვისა და ჯაფარიძისთვის თითო-თითო მილიონი ლარის გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას. ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ბრალს არ აღიარებენ და მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების ქმედებების მიზანი ანაკლიის პორტის მშენებლობის ხელშეშლაა. სწორედ მამუკა ხაზარაძე ხელმძღვანელობს “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელიც პორტს აშენებს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის ინფორმაციით, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი, რომელიც დღეს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხს განიხილავდა, თელავიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე წლის 9 ივლისს კონკურსგარეშე გადაიყვანეს.

“მაშინვე გავაპროტესტე ეს პრაქტიკა, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საშუალება, ჩუმად და არასაჯაროდ გადმოეყვანათ თავისი კადრები თბილისში, “დიდი გადალაგება” ვუწოდე. შედეგიც სახეზეა. ის მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმეს განიხილავს. სანამ არ გვექნება დამოუკიდებელი სასამართლო, არ გვექნება ნორმალური ქვეყანა”, – წერს ანა დოლიძე სოციალურ ქსელში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.