ახალი ამბებისამართალი

საერთო სასამართლოებში 43 ვაკანტურ თანამდებობაზე მოსამართლეებს დღეს დაამტკიცებენ

24 მაისი, 2019 • 1120
საერთო სასამართლოებში 43 ვაკანტურ თანამდებობაზე მოსამართლეებს დღეს დაამტკიცებენ

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს, 24 მაისს, საერთო სასამართლოებში 43 ვაკანტურ თანამდებობაზე მოსამართლეებს დაამტკიცებს.

მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების შესარჩევი კონკურსის კენჭისყრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის ბოლოს გაიმართება. საბჭო 43 მოსამართლეს 72 კანდიდატიდან შეარჩევს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აცხადებს, რომ ეს პროცესი კლანის წევრი მოსამართლეების გადაჯგუფებას ემსახურება და არა ახალი მოსამართლეების განწესებას.

“მე ამას არ ვუწოდებდი კონკურსს, ეს არის კლანის დიდი გადალაგება. ამ პროცესის მნიშვნელობით, რომელიც ძალიან დაშორებულია კონკურსის იდეას, კლანის წევრები გადალაგდნენ ერთი თანამდებობიდან მეორეზე. ამის საშუალებას იძლევა ის სრული ფარსი, რომელიც საქართველოს პარლამენტს შექმნილი აქვს საკონსკურსო პროცედურის საშუალებით. როგორც არაერთხელ ვთქვი, იუდა ისკარიოტელი რომ გამოვიდეს კონკურსზე, კლანს აქვს სრული საშუალება, რომ ის დანიშნოს ნებისმიერ თანამდებობაზე სასამართლოში”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

მისი თქმით, ეს პროცედურა იმდენად ფასადურია, რომ უმრავლესობას შეუძლია დასაბუთების გარეშე, საბუთებისა და ქულების მისადაგების გარეშე, გადაალაგოს კოლეგები, ამიტომ უმცირესობის მონაწილეობა ამ პროცესში სიმბოლურია.

“კონკურსი უნდა ემსახურებოდეს ახალი, კვალიფიციური კადრების შედინებას სასამართლო სისტემაში და სინამდვილეში ემსახურება კლანის წევრი მოსამართლეების ჭადრაკის დაფაზე გადალაგებას, ალბათ, იმიტომ, რომ მათ უკეთესად აკონტროლონ სასამართლო სისტემა. მათ უნდა ჰკითხოთ, დროის ერთ მონაკვეთში როგორ მოინდომა კლანის წევრების უმეტესობამ ახალ თანამდებობაზე გადასვლა და როგორ მოხდა, საბჭო ამ მოთხოვნებს ყველას დააკმაყოფილებს. ამის არსი, ალბათ, არის, რომ კლანის წევრებმა ბოლომდე გააკონტროლონ სასამართლო სისტემის ყველა საფეხური და, შესაბამისად, მოემზადონ იმ “გადამწყვეტი შერკინებისთვის”, რასაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების პოზიციების დაკავება ჰქვია”,- განაცხადა ანა დოლიძემ.

დღესვე იუსტიციის უმაღლესი საბჭო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატისა და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს დანიშნავს. აღნიშნული თანამდებობის დაკავება სურს სამ კანდიდატს – ამირან ძაბუნიძეს, ირაკლი შენგელიასა და მერაბ გაბინაშვილს.

მასალების გადაბეჭდვის წესი