ახალი ამბები

პოლიციამ მოსკოვში, ოპოზიციონერების სახლებში შუაღამით რეიდები ჩაატარა

25 ივლისი, 2019 • 786
პოლიციამ მოსკოვში, ოპოზიციონერების სახლებში შუაღამით რეიდები ჩაატარა

რუსეთის ხელისუფლებამ ოპოზიციაზე მორიგი იერიში მიიტანა – 24-25 ივლისს, შუაღამისას, ოპოზიციონერების სახლები გაჩხრიკეს და მათი ნაწილი საგამოძიებო კომიტეტში დაიბარეს. როგორც Meduza იტყობინება, პოლიცია ოპოზიციონერების სახლებში 27 ივლისს გასამართ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებულ მასალებს ეძებდა.

ოპოზიციონერების განცხადებით, პოლიცია მათ სახლებში შუაღამისას შეიჭრა. ისინი აღნიშნულს რეპრესიებად აფასებენ.

ოპოზიციამ 27 ივლისს მოსკოვში დააანონსა მასშტაბური აქცია. აქციის მთავარი მიზანია ხელისუფლების იმ გადაწყვეტილების გაპროტესტება, რომლითაც დამოუკიდებელი კანდიდატების მნიშვნელოვან ნაწილს არ მისცეს მოსკოვის საქალაქო დუმის არჩევნებზე კანდიდატად დარეგისტრირების საშუალება. აქციის დაანონსების გამო უკვე დააკავეს და 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის. მასთან ერთად კიდევ არაერთი აქტივისტი დააკავეს იმავე მიზეზით.

რუსეთის ოპოზიცია მიიჩნევს, რომ საარჩევნო კომისიამ აბსურდული საბაბით, პოლიტიკური მოტივით არ დაარეგისტრირა არჩევნებზე ოპოზიციონერი კანდიდატები. მოსკოვის ქალაქის დუმის არჩევნები 2019 წლის 8 სექტემბერს იმართება. ქალაქის დუმაში 45 წევრს 5-წლიანი ვადით ირჩევენ და საკრებულოს ანალოგიური სტრუქტურაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი