ახალი ამბები

HRW: საქართველოში უმცირესობათა და ქალთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით პრობლემებია

29 იანვარი, 2015 • • 1057
HRW: საქართველოში უმცირესობათა და ქალთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით პრობლემებია

ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის ერთწლიან ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2014 წლის მაისში მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც უზრუნველყოფს რასობრივი, სქესობრივი, ასაკობრივი ნიშნით, აგრეთვე სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციისგან დაცვას, გააკრიტიკეს აღსრულების ქმედითი მექანიზმების (მათ შორის კანონის დამრღვევებისთვის ფინანსური ჯარიმების დაკისრების მექანიზმის) არარსებობის გამო.

“ჰუმან რაითს უოჩი” გამოეხმაურა თებერვალში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ჰომოსექსული მამაკაცების სისხლის დონორობაზე 13-წლიანი აკრძალვის გაუქმებას.

“ოქტომბერში პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა პატარა სოფელში საპროტესტო გამოსვლის დასაშლელად და დააკავა 14 მონაწილე”, ასე აფასებს ორგანიზაცია სოფელ მოხეში ყოფილი მეჩეთის ბიბლიოთეკად გადაკეთების საწინააღმდეგო აქციის დაშლას.

 

სასამართლომ 11 მათგანი დააჯარიმა 250 ლარით წვრილმანი ხულიგნობისთვის და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის. პოლიციის ქმედებები არ იქნა სათანადოდ გამოძიებული ხელისუფლების მიერ.

 

რაც შეეხება ქალთა უფლებებს, ანგარიშში აღნიშნულია, რომ მედიასაშუალებებში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, 2014 წლის პირველი 10 თვის განმავლობაში ოჯახში ძალადობის შედეგად სულ მცირე 23 ქალი გარდაიცვალა.

 

სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციაზე დაყრდნობით, “კვლავ გადაუჭრელ პრობლემად” რჩება  გოგონების ქორწინება ადრეულ ასაკში, რაც ხდება ან მშობლებს შორის შეთანხმებით, ან მოტაცების გზით.

 

ანგარიშში მოხმობილია სახალხო დამცველის მიერ აღნიშნული ფაქტი, როდესაც მამამ თავისი მცირეწლოვანი ქალიშვილი 10 ძროხის საფასურად მიჰყიდა 45 წლის მამაკაცს, ხოლო 2014 წლის იანვარ-თებერვალში ომბუდსმენმა დააფიქსირა ქორწინების მიზნით გოგონების მოტაცების სამი შემთხვევა და ადრეულ ასაკში ქორწინების 20-ზე მეტი შემთხვევა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ განათლების სამინისტროს მონაცემებით, 2011 წლიდან 2013 წლამდე პერიოდში 7 367-მა გოგონამ დატოვა სკოლა ადრეულ ასაკში ქორწინების გამო.

Human Rights Watch
Human Rights Watch

მასალების გადაბეჭდვის წესი