ახალი ამბები

გვერდიდან თუ შევხედავთ, ცოტა უხერხულობას იწვევს – თავაძე საკუთარ თავისადმი ხმის მიცემაზე

23 ივლისი, 2019 • 1802
გვერდიდან თუ შევხედავთ, ცოტა უხერხულობას იწვევს – თავაძე საკუთარ თავისადმი ხმის მიცემაზე

ზაზა თავაძემ 2016 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევნებში საკუთარ თავს მისცა გადამწყვეტი ხმა. საკონსტიტუცო სასამართლოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ ეს ინტერესთა კონფლიქტს არ წარმოშობდა, თუმცა, გვერდიდან თუ შევხედავთ, “ცოტა უხერხული იყო”.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ეს შემთხვევა გასაუბრებაზე შეახსენა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

“მე როგორც ვიცი, როდესაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არჩევის საკითხი წყდებოდა და თქვენ როდესაც არჩეულ იყავით თავმჯდომარედ, მე რა ინფორმაციაც მაქვს, თქვენ საკუთარ თავს მიეცით ხმა. ხომ არ არის ეს დოქტრინალურად დასაშვები იმ შემთხვევაში, როდესაც საკონსტიტუციო ორგანო ახორციელებს არა ჩვეულებრივ მიმდინარე ადმინისტრაციულ ფუნქციას, არამედ კონსტიტუციიდან გამომდინარე ექსკლუზიურ უფლებამოსილებას. ამ შემთხვევაში კლასიკური გაგებით ინტერესთა კონფლიქტი მოქმედებს? თქვენ საკუთარ თავს რომ მიეცით ხმა, რამე დაარღვიეთ?” – ჰკითხა გვრიტიშვილმა ზაზა თავაძეს.

თავაძე ამბობს, რომ თავმჯდომარის ასარჩევად საკონსტიტუციო სასამართლოს 5 წევრის ხმა იყო საჭირო და ის სწორედ 4+1 (საკუთარი ხმით) გახდა თავმჯდომარე; აღიარებს, რომ 6 ხმის მიღების შემთხვევაში მეტი ლეგიტიმაცია ექნებოდა.

“როდესაც ხდებოდა ჩემი არჩევა 2016 წლის ოქტომბერში, ჩვენ ეს საკითხი ძალიან სკრუპულოზურად განვიხილეთ და იყო იქ სხვადასხვა მოსაზრებები. ერთია, რეგლამენტით რა იყო გათვალისწინებული – საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე თუ მოადგილე საკუთარ თავს აძლევდა ხმას. თუ შევხედავთ ამას ცოტა გვერდიდან, ცოტა უხერხულობის მომენტს იწვევს. თან გადაწყვეტილების მიღება ხდება უბრალო ურმავლესობით. 9 წევრიდან 5-ს ვისაც დაუჭერს მხარს. კარგი იქნებოდა, რომ 6 ხმა მომეპოვებინა და არა ხუთი, ეს ლეგიტიმაციას ცოტა გაზრდიდა. თავმჯდომარის არჩევის პროცედურაში გაწერილია, რომ კანდიდატს საკუთარი თავისთის ხმის მიცემა შეუძლია. ამით ყველაფერია ნათქვამი და ინტერესთა კონფლიქტის თემა არის ანულირებული”, – განაცხადა თავაძემ და დასძინა, რომ პროცედურის შესახებ გადაწყვეტილება უმრავლესობამ მიიღო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი