ახალი ამბები

თავაძე უზენაესის მოსამართლეობის კონკურსიდან კანდიდატურას ხსნის

2 დეკემბერი, 2019 • 1698
თავაძე უზენაესის მოსამართლეობის კონკურსიდან კანდიდატურას ხსნის

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძემ განცხადებით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს უზენაესის მოსამართლეების შესარჩევი კონკურსიდან საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შესახებ.

როგორც განცხადებაში თავაძე აღნიშნავს, 22 ნოემბერს თალაკვაძეს წერილით მიმართა, რომლითაც მოითხოვა, გრკვეული ვადით გადაედოთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე არჩევის მიზნით მისი კანდიდატურის პარლამენტის პლნეარული სხდომისთვის წარდგენა.

მოსამართლე აცხადებს, რომ ხსენებულ განცხადებას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა და გაჩნდა კითხვები, ხომ არ იყო მისი ქმედებები საზოგადოებრივ განწყობაზე გავლენის მოხდენის მიზნით განხორციელებული:

“როგორც წინარე წერილში აღვნიშნე, ჩემთვის, როგორც მოქმედი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისათვის, სისხლხორცეულად მნიშვნელოვანია სასამართლო ხელისუფლების უმწიკვლოდ და ობიექტურად ფუნქციონირება და, შესაბამისად, ვფიქრობ, ამ მიმართულებით ნებისმიერი, თუნდაც დაუსაბუთებელი კითხვა უნდა იყოს მოხსნილი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ საკითხის ირგვლივ კითხვის ნიშნების გაფანტვის მიზნით, უარს ვამბობ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად მიმდინარე კონკურსში მონაწილეობაზე. ასევე გაცნობებთ, რომ წინამდებარე წერილი ასევე მატერიალურად ჩაბარდება საქართველოს პარლამენტის კანცელარიას”, – ამბობს თავაძე არჩილ თალაკვაძისთვის გაგზავნილ წერილში.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს,

ბატონ არჩილ თალაკვაძეს. ბატონო არჩილ, როგორც თქვენთვის ცნობილია, 2019 წლის 22 ნოემბერს მოგმართეთ წერილით (N1-21959/19), რომლითაც მოვითხოვე გარკვეული ვადით გადაგედოთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე არჩევის მიზნით ჩემი კანდიდატურის პარლამენტის პლენალური სხდომისთვის წარდგენა. ხსენებულ განცხადებას საზოგადოებაში მოჰყვა არაერთგვაროვანი რეაქციები.  მათ შორის, გაჩნდა კითხვები, ხომ არ იყო ჩემი ქმედებები საზოგადოებრივ განწყობაზე გავლენის მოხდენის და არა მოცემული საკითხის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით დადასტურების მიზნით განხორციელებული. როგორც წინარე წერილში აღვნიშნე, ჩემთვის, როგორც მოქმედი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისათვის, სისხლხორცეულად მნიშვნელოვანია სასამართლო ხელისუფლების უმწიკვლოდ და ობიექტურად ფუნქციონირება და შესაბამისად, ვფიქრობ, ამ მიმართულებით ნებისმიერი, თუნდაც დაუსაბუთებელი კითხვა უნდა იყოს მოხსნილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ საკითხის ირგვლივ კითხვის ნიშნების გაფანტვის მიზნით, უარს ვამბობ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად მიმდინარე კონკურსში მონაწილეობაზე. ასევე გაცნობებთ, რომ წინამდებარე წერილი ასევე მატერიალურად ჩაბარდება საქართველოს პარლამენტის კანცელარიას.

პატივისცემით, ზაზა თავაძე

30.11.19

მასალების გადაბეჭდვის წესი