ახალი ამბები

რუსთავი2-ის თანამშრომლები ნიკა გვარამიას მხარდაჭერას უცხადებენ

18 ივლისი, 2019 • 1626
რუსთავი2-ის თანამშრომლები ნიკა გვარამიას მხარდაჭერას უცხადებენ

“რუსთავი 2”-ის საინფორმაციო და პოლიტიკური, გასართობ-შემეცნებითი და მუსიკალური  პროგრამების თანამშრომლები ტელეარხის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, მხარდაჭერას უცხადებენ. მათი თქმით, გვარამია არხის სარედაქციო დამოუკიდებლობის მთავარი გარანტია.

საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემების წარმომადგენელთა თქმით, მთავარ საფრთხეს არხისთვის, მედიასივრცისა და “საბოლოო ჯამში, მთლიანად ქვეყნისთვის” ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა წარმოადგენს.

“მიგვაჩნია, რომ ნიკა გვარამიას ყოფნა გენერალური დირექტორის პოსტზე და მისი შრომითი კონტრაქტი იყო “რუსთავი 2”-ის სარედაქციო დამოუკიდებლობის მთავარი გარანტი, რადგანაც ნიკა გვარამია გამოხატავს, იცავს და იბრძვის იმ ღირებულებებისთვის, რომლებისთვისაც იბრძვის “რუსთავი 2”-ის ყველა თანამშრომელი.

მისი კონტრაქტი კი “რუსთავი 2″-თან, რომელიც ძალაშია 2020 წლის 31 დეკემბრამდე, არის დამატებითი გარანტია თითოეული თანამშრომლისთვის, რომ არხზე არ შეიცვლება მენეჯმენტი და, შესაბამისად, ჩვენი სარედაქციო დამოუკიდებლობა იქნება გარანტირებული”, – ამბობენ ისინი და აღნიშნავენ, რომ არ ენდობიან ქიბარ ხალვაშის განცხადებას, რომლის თანახმადაც ის არხის სარედაქციო პოლიტიკისა და თანამშრომლების შეცვლას, გვარამიას გარდა, არ აპირებს:

“მიგვაჩნია, რომ ხალვაში წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას, რომელიც მთელი თავის ძალებით, ყველა შესაძლებლობით და ძალაუფლების ყველა შტოს გამოყენებით იბრძოდა “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ, “ქართული ოცნების” მხარეს. იმ პოლიტიკური ჯგუფის მხარეს, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის პირველივე დღიდან ცდილობს შეცვალოს “რუსთავი 2″-ის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა”.

აღნიშნულს ეთანხმება გასართობი გადაცემების გუნდი, რომელმაც თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლომ მოქმედების საშუალება მისცა ხელისუფლებას, ტელეკომპანიას კი “ბრძოლის გაგრძელების მინიმალური საშუალება” დაუტოვა.

“მთელი ამ ხნის განმავლობაში “რუსთავი2″-ის სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტი იყო და არის მისი გენერალური დირექტორი და მისი კონტრაქტი, რომელიც ნიკა გვარამიას გათავისუფლებას შეუძლებელს ხდის. სტრასბურგის გადაწყვეტილებით, დროებითი ღონისძიება გაუქმებულია. ჩვენი სარედაქციო დამოუკიდებლობის ერთადერთ გარანტად რჩება მხოლოდ არხის გენერალური დირექტორი”, – ამბობენ ისინი და აღნიშნავენ, რომ გადაწყვეტილების მიუხედავად, ბოლომდე იბრძოლებენ დასავლური ღირებულებების დასაცავად.

ერთ-ერთი ბოლო განცხადება “რუსთავი2”-ის ეთერში არხის მუსიკალური გადაცემების თანამშრომლებმა გაახმიანეს და სხვების მსგავსად აღნიშნეს, რომ “არხის ფასეულობების მთავარი გარანტი არხის გენერალური დირექტორია”.

“ახლა მთავარი დარტყმა მოდის ნიკა გვარამიაზე, როგორც სიტყვის თავისუფლების ერთადერთ გარანტზე. საჯარო რეესტრმა უკვე დაარეგისტრირა “რუსთავი2”-ის ახალი მფლობელები. ქიბარ ხალვაშის განცხადებიდან გამომდინარე, მისი პირველი ნაბიჯი გენერალური დირექტორის მოხსნა იქნება, რაც მთლიანად შეცვლის არხის სარედაქციო პოლიტიკას. ეს ჩვენთვის მიუღებელია, ვინაიდან ეს გამოიწვევს ამ სახით არსებული “რუსთავი2″-ის გაქრობას”, – განაცხადეს მუსიკალური გადაცემების გუნდის წარმომადგენლებმა.

ხალვაშმა რეესტრს მიმართა გვარამიას გადაყენების და სალიას დანიშვნის მოთხოვნით

რეესტრმა რ2-ის მფლობელად ხალვაში დაარეგისტრირა

მასალების გადაბეჭდვის წესი