ახალი ამბები

ხალვაშმა რეესტრს მიმართა გვარამიას გადაყენების და სალიას დანიშვნის მოთხოვნით

18 ივლისი, 2019 • 1242
ხალვაშმა რეესტრს მიმართა გვარამიას გადაყენების და სალიას დანიშვნის მოთხოვნით

ქიბარ ხალვაშმა, რომელიც საჯარო რეესტრმა უკვე დაარეგისტრირა „რუსთავი 2“-ის მფლობელად, რეესტრს ასევე მიმართა მოთხოვნით, გაათავისუფლონ თანამდებობიდან გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და მის ნაცვლად პაატა სალია დანიშნოს.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის იურისტის, თამთა მურადაშვილის თქმით, ახალი მფლობელი ნიკა გვარამიას „უსაფუძვლოდ ვერ გაათავისუფლებს“, რადგან კონტრაქტში გაწერილია ის პირობები, რის საფუძველზეც არხის მოქმედი დირექტორის გათავისუფლება უნდა მოხდეს. როგორც მურადაშვილი ამბობს კონტრაქტის დარღვევით გათავისუფლების შემთხვევაში, ხალვაშს გვარამიასთავის ჯარიმის სახით რამდენიმე მილიონის გადახდა მოუწევს.


18 ივლისს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.

ამ გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ კანონიერია საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის. „რუსთავი 2“-ს შეუძლია, საქმე სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში გაასაჩივროს.

ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება — საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი, რის გამოც არხი 2017 წლიდან არ გადაფორმებია ქიბარ ხალვაშს. როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, ეს გადაწყვეტილება არ ექვემდებარება გასაჩივრებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი