ახალი ამბები

რ2-ის საქმეზე სტრასბურგმა დარღვევა არ დაადგინა, დროებითი ღონისძიება გააუქმა

18 ივლისი, 2019 • 10773
რ2-ის საქმეზე სტრასბურგმა დარღვევა არ დაადგინა, დროებითი ღონისძიება გააუქმა

18 ივლისს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.

ამ გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ კანონიერია საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის. „რუსთავი 2“-ს შეუძლია, საქმე სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში გაასაჩივროს.

ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება — საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი, რის გამოც არხი 2017 წლიდან არ გადაფორმებია ქიბარ ხალვაშს. როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, ეს გადაწყვეტილება არ ექვემდებარება გასაჩივრებას.

სტრასბურგის გადაწყვეტილების აღსრულების დრო ხალვაშზეა დამოკიდებული – წულუკიანი

რა გადაწყვიტა სასამართლომ?

  1. სასამართლომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ დაეშვა აპლიკანტების საჩივარი „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლეების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შესახებ;
  2. ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღარ დატოვონ ძალაში დროებითი ღონისძიება — აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი;
  3. 6 ხმით ერთის წინააღმდეგ გადაწყვიტა, რომ არ დარღვეულა მე-6 მუხლი, სამართლიანი სასამართლოს უფლება, თბილისის საქალაქო სასამართლოში;
  4. ერთხმად გადაწყვიტა, რომ არ დარღვეულა მე-6 მუხლი თბილისის სააპელაციო სასამართლოში
  5. 6 ხმით ერთის წინააღმდეგ გადაწყვიტა, რომ მე-6 მუხლი არც თბილისის უზენაეს სასამართლოში დარღვეულა.

მოსამართლე დე გაეტანომ, რომელიც ორ ნაწილში არ ეთანხმება დანარჩენ ექვს მოსამართლეს, განსხვავებული მოსაზრება დაწერა ამ საქმეზე. მისი აზრით, თბილისის საქალაქო და საქართველოს უზენაეს სასამართლოებში დაირღვა საქმის სამართლიანი განხილვის უფლება.

დავა სტრასბურგში

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ამ საქმეზე 4 მოსარჩელე იყო: თვითონ შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ და მისი მფლობელები: შპს ტელეკომპანია საქართველო (51%-იანი წილი) და ბიზნესმენი ძმები — ლევან (22%) და გიორგი (18%) ყარამანიშვილები.

თავის მხრივ, „ტელეკომპანია საქართველოს“ წილების 25-25 პროცენტს ძმები ყარამანიშვილები ფლობენ, დარჩენილ 50%-ს კი — „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივნის, კობა ნაყოფიას ვაჟი, ნიკოლოზ ნაყოფია. [ამას გარდა, რუსთავი2-ს ამჟამად კიდევ ერთი მფლობელი ჰყავს — 9%-იანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძე, თუმცა ის მოსარჩელე არ არის].

დაარსების დღიდან 2011 წლამდე „რუსთავი 2“-ის წილების არაერთი ტრანსფერი განხორციელდა, რომელიც დღემდე დავის საგანია. საბოლოოდ, 2011 წელს, კომპანიის მფლობელები „საქართველო“ და ყარამანიშვილები გახდნენ.

საქართველოს სასამართლო სისტემაში ყარამანიშვილების წინააღმდეგ წარმოებული დავა დასრულდა 2017 წელს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელმაც არხი ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

სტრასბურგის სასამართლოში აპლიკანტები — „რუსთავი 2“ და მისი მფლობელები — გარდა მე-6 მუხლისა, დავობდნენ გამოხატვის თავისუფლებისა (მუხლი 10) და საკუთრების უფლების (პირველი პროტოკოლის პირველი მუხლი) და მე-18 მუხლის (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) დარღვევას. სასამართლომ არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.

აპლიკანტები მიიჩნევდნენ და დავობდნენ, რომ თბილისის საქალაქო, სააპელაციო და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები საქმის განხილვისას არ იყვნენ მიუკერძოებლები და დამოუკიდებლები; სტრასბურგის სასამართლომ სამ შემთხვევაში ცალკე მიიღო გადაწყვეტილებები და თქვა, რომ ვერ იტყვიან, რომ აკლდა ან დამოუკიდებლობა, ან მიუკერძოებლობა და ამიტომაც არ დაადგინა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა.

რა გადაწყვიტა სტრასბურგმა რ2-ის საქმეზე | საიას ანალიზი

ნახეთ იურისტი სოფო ასათიანის მოსაზრება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი