რას ედავებიან „რუსთავი 2“ და მისი მფლობელები სახელმწიფოს სტრასბურგის სასამართლოში? რა შეიძლება მოხდეს, თუ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რომელიმე მუხლის დარღვევა დაადგინა?
ვინ დავობს?
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამარლოში ამ საქმეზე 4 მოსარჩელეა: თვითონ შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ და მისი მფლობელები: შპს ტელეკომპანია საქართველო (51%-იანი წილი) და ბიზნესმენი ძმები — ლევან (22%) და გიორგი (18%) ყარამანიშვილები.
თავის მხრივ, „ტელეკომპანია საქართველოს“ წილების 25-25 პროცენტს ძმები ყარამანიშვილები ფლობენ, დარჩენილ 50%-ს კი — „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივნის, კობა ნაყოფიას ვაჟი, ნიკოლოზ ნაყოფია.
[ამას გარდა, რუსთავი2-ს ამჟამად კიდევ ერთი მფლობელი ჰყავს — 9%-იანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძე, თუმცა ის მოსარჩელე არ არის].
მოკლე ისტორია
დაარსების დღიდან 2011 წლამდე „რუსთავი 2“-ის წილების არაერთი ტრანსფერი განხორციელდა, რომელიც დღემდე დავის საგანია. საბოლოოდ, 2011 წელს, კომპანიის მფლობელები „საქართველო“ და ყარამანიშვილები გახდნენ.
საქართველოს სასამართლო სისტემაში ყარამანიშვილების წინააღმდეგ წარმოებული დავა დასრულდა 2017 წელს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელმაც არხი ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.
თუმცა ყარამანიშვილები მიუთითებდნენ, რომ მოსამართლეებს, რომლებიც „რუსთავი 2“-ის საქმეს განიხილავდნენ, დამოუკიდებლობა და ნეიტრალურობა აკლდათ; მათი პოზიციით, ეს განაჩენი იყო ხელისუფლების მცდელობა, გაეჩუმებინათ „რუსთავი 2“, — არხი, რომელიც ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი იყო. თავის მხრივ, მთავრობა უარყოფს აპლიკანტის ბრალდებებს და საქმეს უწოდებს კერძო დავას, რომელშიც სახელმწიფოს ინტერესი არ აქვს.
რაზე დავობენ?
სტრასბურგის სასამართლოს თანახმად, აპლიკანტებს სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლით აქვთ შეტანილი საჩივარი, რაც სასამართლოს განაჩენსა და საქმის მიმდინარეობას ეხება. ეს მუხლებია:
- სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება (მუხლი 6 § 1)
- გამოხატვის თავისუფლება (მუხლი 10)
- უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები (მუხლი 18)
- საკუთრების დაცვა (პირველი პროტოკოლის პირველი მუხლი)
უფრო ზუსტად, მოსარჩელეების დავები შეიძლება ორ ნაწილად დავყოთ: როგორც არხის ადვოკატი თამთა მურადაშვილი ნეტგაზეთს ეუბნება, „რუსთავი 2“ დავობს:
სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევასა და საკუთრების უფლებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების დარღვევაზე კონვენციის მე-18 მუხლთან ერთად. რას ნიშნავს ეს? მე-18 მუხლი ამბობს, რომ კონვენციით განსაზღვრული უფლებებისა და თავისუფლებების „კონვენციით დაშვებული შეზღუდვები გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ მათთვის გათვალისწინებული მიზნებისათვის“. ეს, მურადაშვილის განმარტებით, ნიშნავს პოლიტიკურ კონტექსტს. ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აპლიკანტის პოზიციით, „რუსთავი 2“-ისთვის გამოხატვის თავისუფლების და სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვა სახელმწიფოს სურდა პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე.
რაც შეეხება დანარჩენ სამ მოსარჩელეს — ძმებ ყარამანიშვილებსა და „საქართველოს“ — ისინი დავობენ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევასა და საკუთრების უფლების დარღვევაზე, ამ შემთხვევაშიც კონვენციის მე-18 მუხლთან ერთად.
სტრასბურგის სასამართლოს პრესრელიზის თანახმად, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სასამართლო მიმდინარეობა არ იყო სამართლიანი, რადგან, მათი პოზიციით, მოსამართლეები, რომლებიც ამ საქმეს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში განიხილავდნენ, არ იყვნენ დამოუკიდებლები და ეს საქმე, მათ თანახმადვე, იყო ხელისუფლების ფარული მცდელობა, ჩაეხშოთ ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი ტელეარხის კრიტიკული მაუწყებლობა.
ამასთან, როგორც „რუსთავი 2“-ის ადვოკატი თამთა მურადაშვილი ამბობს, მომჩივნები ასევე მიიჩნევენ, რომ სასამართლოები არაპროპორციულად იღებდნენ გადაწყვეტილებას, — მაგალითად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის გადაწყვეტილება, ყადაღა დაედო არხის პარტნიორების წილებისა და ტელეკომპანიის წილებისთვის, არაპროპორციული იყო; მის თანახმადვე, არ იყო დაცული მხარეთა ბალანსი, შეჯიბრებითობის და თანასწორობის პრინციპი და ა.შ.
რა მოხდება, თუ სასამართლომ რაიმე მუხლის დარღვევა დაადგინა?
როგორც „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია-ს) სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტი ნინო ჯომარჯიძე ამბობს, სტრასბურგის სასამართლოს ტექნიკურად შეუძლია თქვას, რომ „დაირღვა ყველა ის მუხლი, რაზეც მომჩივნები დავობდნენ, დაირღვა მხოლოდ ერთი ან რამდენიმე მუხლი, ან არცერთი მუხლი არ დარღვეულა“.
მისი თქმითვე, ზოგადად, როდესაც სტრასბურგის სასამართლო კონკრეტული მუხლ(ებ)ის დარღვევას ადგენს, სახელმწიფოზეა დამოკიდებული, ინდივიდუალური ღონისძიების სახით რა უნდა გააკეთოს ამ გადაწყვეტილების ეფექტიანად აღსასრულებლად, ანუ დარღვეული უფლების აღსადგენად.
მაგალითად, თუ დავუშვებთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა მე-6 მუხლი, — სამართლიანი სასამართლოს განხილვის უფლება, — ჯომარჯიძის თანახმად, მომჩივანს ეძლევა შესაძლებლობა, რომ ეროვნულ სასამართლოს ხელახლა მიმართოს 6 თვის ვადაში და საქმის გადასინჯვა მოითხოვოს; ანუ ასეთ შემთხვევაში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდება ქართულ სასამართლო სისტემას.
თუკი დავუშვებთ, რომ სასამართლომ დაადგინა გამოხატვის თავისუფლების უფლების დარღვევა, როგორც ჯომარჯიძე ამბობს, კომპენსაციის საკითხი აქაც შეიძლება დადგეს, თუმცა „შესაძლოა, სასამართლომ თქვას, რომ საკმარისია, რომ გამოხატვის თავისუფლების უფლების დარღვევა დაადგინა და დამატებით ამ ნაწილში კომპენსაციის მიცემა აღარ არის საჭირო“.
თუკი დავუშვებთ, რომ სასამართლომ დაადგინა საკუთრების უფლების დარღვევა, ამ შემთხვევაში, ჯომარჯიძის თანახმად, აუცილებელია, რომ მოხდეს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა: „ეს შეიძლება მოიცავდეს იმ ქონების დაბრუნებას, რაზეც დავობდა მხარე; თუ ქონების დაბრუნება რაღაც მიზეზებით არის შეუძლებელი, ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს ადეკვატური კომპენსაციის გაცემა, ანუ ქონების საბაზრო ღირებულების თანხის გადაცემა კომპენსაციის სახით“, — ამბობს ის.
თუმცა, მისი თქმითვე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც 18 ივლისს უნდა გამოქვეყნდეს, ავტომატურად ვერც მიანიჭებს ტელეკომპანიას ქიბარ ხალვაშს და ვერც იმას გადაწყვეტს, რომ საბოლოო ჯამში არ უნდა მიენიჭოს.
„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ქიბარ ხალვაშს ან მომჩივნებს ეკუთვნის „რუსთავი 2“. ასეთ ფორმულირებას სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებაში ვერ მიუთითებს, რადგან ეს მის კომპეტენციას სცილდება. ის მხოლოდ ადგენს კონკრეტული მუხლის დარღვევის საკითხს და განსაზღვრავს, ამ დარღვეული უფლებისთვის როგორი უნდა იყოს სამართლიანი დაკმაყოფილება. რაც შეეხება ამ გადაწყვეტილების საფუძველზე ეროვნულ დონეზე საქმის განახლებას, ეს უკვე ეროვნული ორგანოების კომპეტენციას მიეკუთვნება“, — გვეუბნება ნინო ჯომარჯიძე.
როგორ მუშაობს არხი ახლა?
2017 წელს, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ „რუსთავი 2“ აცხადებდა, რომ ვერდიქტის აღსრულება გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებდა ტელევიზიის გამოხატვის თავისუფლებას, ამ საფუძვლით მათ სტრასბურგის სასამართლოსგან ითხოვეს, გამოეყენებინა დროებითი ღონისძიება — სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების გადაწყვეტილება.
სტრასბურგის სასამართლომ მოსარჩელეების მოთხოვნა დააკმაყოფილა და შეაჩერა უზენაესი სასამართლოს განაჩენის აღსრულება. ფაქტობრივად, ამ გადაწყვეტილებით არხი ფაქტობრივ მფლობელებს, ყარამანიშვილებსა და ნაყოფიას შეუნარჩუნდათ.
სხვა დავები
გარდა აღნიშნული დავისა, „რუსთავი 2“-ს ახლა კიდევ ორი ამბავი უკავშირდება. პირველი სასამართლო დავაა, რომლის ინიციატორია კომპანიის 9%-იანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძე, ჯამში, დაახლოებით 27 მილიონზე. არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ სარჩელის მიზანს ტელეკომპანიის მართვიდან მისი ჩამოშორება, არხის გაკოტრება და ბიძინა ივანიშვილის მიერ მისი ხელში ჩაგდება წარმოადგენს
[ამ თემაზე ვრცლად წაიკითხეთ: რ2 – ნინო ნიჟარაძის დავის სამართლებრივი დეტალები]
ამასთან, უკვე წლებია, არხის დაბრუნებას ითხოვენ „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე. რამდენიმე კვირის წინ მათ განაცხადეს: „ეს საქმე თავისი მნიშვნელობით სცდება ერთი კონკრეტული ტელევიზიის ბედს. ის თავის თავში ასახავს იმ უსამართლობას და ფუნდამენტურ ფასეულობათა ღრმა კრიზისს, რომელმაც ათწლეულებია, მოიცვა ჩვენი ქვეყანა“.
დვალი და აქიმიძე ასევე ამბობენ, რომ „იმის გათვალისწინებით, რომ დღევანდელი ხელისუფლება შემჩნეულია არაკეთილსინდისიერ ქმედებაში მედიის კონტროლის სურვილთან დაკავშირებით“, კარგად ესმით, რომ ამ საქმეში „სტატუს-კვოს ცვლილება ბევრ ეჭვს დაბადებს„.
„აქედან გამომდინარე, ხაზგასმით ვითხოვთ არა საკითხის დღეს გადაწყვეტას და ჭეშმარიტების დღესვე დადგენას, არამედ იმას, რომ გახანგრძლივდეს გამოძიების ვადა, რათა არ დავკარგოთ შანსი, მომავალში მაინც გაირკვეს, რა მოხდა 2004 წელს და როგორ აღმოჩნდა ეს ტელევიზია პოლიტიკური ძალების მფლობელობაში“, – ნათქვამია დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის მიმართვაში.
ამ თემაზე გირჩევთ:
არ მინდა რუსთავი 2 ისე დამიბრუნდეს, კითხვის ნიშანი დარჩეს – ინტერვიუ დავით დვალთან