ახალი ამბები

შეიძლება, შეცდომა იყო, რომ უფრო ადრე არ გავეცი ბრძანება – გახარია დარბევაზე

11 ივლისი, 2019 • 1184
შეიძლება, შეცდომა იყო, რომ უფრო ადრე არ გავეცი ბრძანება – გახარია დარბევაზე

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ტვ “პირველის” ეთერში თქვა, რომ შეიძლება, მისი შეცდომა იყო, რომ 20 ივნისსს პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლის ბრძანება არ გასცა.

გახარიამ დეტალურად ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ გაიცა ბრძანება და რა ეწერა ბრძანებაში.

“როდესაც მსგავსი ღონისძიება ტარდება, როდესაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი ტოვებს ლოკაციას, იქმნება მინისტრის, მინისტრის მოადგილის და სპეციალური ღონისძიების კურატორის გეგმა, რომელშიც აღწერილია სტანდარტულად, იმ ლოკაციაზე იმ კონკრეტული საპროგნოზო მონაცემებით, რაც არსებობს, გეგმის კონკრეტული ნაბიჯები, რაც, რა თქმა უნდა, ჩემ მიერ იყო ხელმოწერილი”, – თქვა შს მინისტრმა.

გახარიას თქმით, მან ხელი ამ ბრძანებას მოაწერა 20 ივნისს, 12-დან პირველ საათამდე პერიოდში, როდესაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა დატოვა ტერიტორია.

“ამ ბრძანებაში დეტალურად არის აღწერილი ყველა საპოლიციო ძალის მოქმედების გეგმა: ვინ, სად, როდის, რა ფუნქციებით, რა მოვალეობით და რა ლოკაციებზე, რა სპეციალური საშუალებებით და რა პასუხისმგებლობებით მოქმედებს.

როდესაც პირველი შტურმი დაიწყო, პარლამენტის პერიმეტრს იცავდა ჩვეულებრივი საპატრულო პოლიცია, რა დროსაც მოხდა პირველი ფლანგის გარღვევა და ორი შემთხვევა იყო აგრესიული თავდამსხმელების შეჭრის პარლამენტში. სწორედ ამის შემდეგ გავხდით იძულებული, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი გადმოგვეწია უკნიდან წინ, ფარებით, თორემ 7 საათისთვის იქ ჩვეულებრივი პატრული იდგა” , – ამბობს გახარია.

მისივე განმარტებით, ამის შემდგომ, ღამის 10 საათიდან გაიცა ბრძანება, პოლიციას არ გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები.

“ეს ბრძანება ხდება სიტყვიერად. როდესაც დაიძაბა სიტუაცია, მაშინ იყო განკარგულება, რომ არანაირი სპეიცალური საშუალებების გამოყენება არ უნდა მომხდარიყო. შეიძლება, ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა. შეიძლება, არ უნდა მიგვეყვანა იმ მდგომარეობამდე, რომ ჩვენი პოლიციისგან არ გაეტაცათ 300 ფარი და 30 პოლიციელი ხალხის მასაში. შეიძლება, ბრძანება და განკარგულება სპეციალური საშუალებების გამოყენებაზე გასაცემი იყო ადრე.

7-დან 10 საათამდე ეს აქცია იყო მშვიდობიანი. 10 საათიდან დაიწყო შტურმი და გაარღვიეს პოლიციის კორდონი, განსაკუთრებულ დავალებათა რაზმი გადმოვწიეთ წინ და 2.5 საათი გრძელდებოდა შტურმი და სანამ რისკი არ დადგა პოლიციელებისა და სამოქალაქო პირების სიცოცხლის, მანამდე [ძალა] არ გამოვიყენეთ.

ჩვენ იმედი გქვონდა, რომ მოწოდებების შედეგად ხალხის რაოდენობა შემცირდებოდა. ამიტომ ვითმენდით. გაზი იმიტომ ვისროლეთ შორს, რომ ადამიანები, რომლებიც არ მონაწილეობდნენ შტურმში, გაფანტულიყვნენ”, – ამბობს გახარია.

20 ივნისის აქციის დაშლისას დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, ორმა ადამიანმა დაკარგა თვალი. სპეცრაზმელთა ნაწილი რეზინის ტყვიებს დამიზნებით ესროდა მოქალაქეებს, რისი დამადასტურებელი ვიდეოკადრებიც არსებობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი