ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ქართულმა მხარემ ჟენევაში ენგურის გახსნის საკითხიც დააყენა – საგარეო

4 ივლისი, 2019 • 1344
ქართულმა მხარემ ჟენევაში ენგურის გახსნის საკითხიც დააყენა – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგ, 48-ე რაუნდზე, რომელიც 2019 წლის 2-3 ივლისს გაიმართა, ქართული მხრიდან განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ შემზღუდავი ზომების დაწესებასა და აფხაზეთში გამყოფი ხაზის ჩაკეტვის შედეგებზე.

“ქართველმა მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია, არსებულ მწვავე სიტუაციაში მოხდეს ვითარების დეესკალაცია.  თანათავმჯდომარეებმა, თანამოდერატორებმა და მონაწილეებმა აშშ-დან და საქართველოდან მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ გადადგან ნაბიჯები აფხაზეთის მიმართულებით საოკუპაციო ხაზის გახსნის მიზნით”, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.

აქვე ჩამოთვლილია სხვა ყველა ის ძირითადი საკითხი, რომელზეც, ქართული მხარის ცნობით, თბილისმა დააყენა:

  • ქართველმა მონაწილეებმა დასვეს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების უკანონო მილიტარიზაციისა და სამხედრო წვრთნების გააქტიურების საკითხი. მათ მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვალდებულებები და გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან.მოლაპარაკებებზე განიხილეს საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის, ადგილობრივი მოსახლეობის გატაცებისა და უკანონო დაკავების, თავისუფალი გადაადგილებისა და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე წვდომის შეზღუდვის საკითხები, რაც ხელს უწყობს ადგილზე ვითარების შემდგომ დესტაბილიზაციას.

    განსაკუთრებული ყურადღების საგანს წარმოადგენდა გალისა და ახალგორის რაიონების, აგრეთვე კოდორის ხეობის მოსახლეობის ეთნიკური დისკრიმინაცია, მათი მძიმე ჰუმანიტარული და სოციო-ეკონომიკური საცხოვრებელი პირობები. მონაწილეებმა საქართველოდან კიდევ ერთხელ დასვეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველებისთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების საჭიროება.

    განხილვის მნიშვნელოვანი თემა იყო დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობა. ქართველმა მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას, რუსეთის უკანონო სამხედრო ბაზაზე ტყვეობაში გარდაცვალებაზე და რუსეთის ფედერაციისგან მოითხოვეს  საქმის მასალების დაუყვნებლივ გაზიარება.

    მოლაპარაკებებზე არაერთხელ გაესვა ხაზი გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (იპრმ), ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, აღდგენის აუცილებლობას, რაც განსაკუთღებით მნიშვნელოვანია არსებული გამოწვევების ფონზე.

    მოლაპარაკებებზე საქართველოს წარმომადგენლებმა დასვეს რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურებისა და შესრულების აუცილებლობის საკითხი, იმ ფონზე, როცა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო სამხედრო ყოფნით რუსეთი აგრძელებს საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენებას. აქცენტი გაკეთდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის საჭიროებაზე, ადგილზე მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების მიღწევის მიზნით.

    მონაწილეებმა საქართველოდან ყურადღება გაამახვილეს ეთნიკური წმენდის შედეგად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების თემის საგნობრივი განხილვის მნიშვნელობაზე. თუმცა აღნიშნული საკითხზე დისკუსიისას მონაწილეებმა მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან დატოვეს მოლაპარაკებები, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს მათ დესტრუქციულ და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი ჰუმანიტარული თემის მიმართ.

    მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება 2019 წლის 8-9 ოქტომბერს.

მასალების გადაბეჭდვის წესი