ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმსა და მოსკოვს ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატის მინსკში გადატანა სურთ

27 თებერვალი, 2024 • 1050
სოხუმსა და მოსკოვს ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატის მინსკში გადატანა სურთ

აფხაზური მხარე კვლავ საუბრობს იმის შესახებ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის მინსკში გადატანა სურთ.

“ჟენევა შესაძლოა შეიცვალოს მეგობრულად განწყობილი ბელარუსის დედაქალაქით – მინსკით” ,- განაცხადა ასლან ბჟანიამ [დე ფაქტო პრეზიდენტი] დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის ინალ არძინბას 2023 წლის ანგარიშის მოსმენისას.

ბჟანია ამბობს, რომ ახალ პლატფორმასთან დაკავშირებით კომუნიკაცია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ჰქონდა.  

“ბატონმა ლავროვმა ბოლო შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ამ პლატფორმამ, ასე ვთქვათ, ამოწურა საკუთარი თავი, ამიტომ მან იკითხა, ხომ არ არის აფხაზური მხარე წინააღმდეგი უფრო შესაფერისი მუშაობის გაგრძელებაზე. საუბარი მიმდინარეობდა მინსკზე და სხვა ქვეყნების დედაქალაქებზე”, – განაცხადა ბჟანიამ.

ამასთან, ინალ არძინბამაც ისაუბრა იმის შესახებ, რომ “ჟენევა ვერ უზრუნველყოფს მოლაპარაკებების ორგანიზაციულ და ტექნიკურ პირობებს ადეკვატური ფორმით”. 

“რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ვიღებთ უამრავ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ჟენევა ვერ უზრუნველყოფს თანაბარ პირობებს მოლაპარაკების პროცესში მყოფი მონაწილეებისთვის”, – ამბობს დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი.

ჟენევის დისკუსიები 2008 წლიდან, აგვისტოს ომის შემდეგ მიმდინარეობს. მოლაპარაკებები ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით იმართება. პროცესში მონაწილეობენ საქართველო, რუსეთი და აშშ, ასევე, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობების წარმომადგენლები. დისკუსიების მორიგ რაუნდამდე, როგორც წესი, თანათავმჯდომარეები მოსამზადებელ შეხვედრებს ატარებენ თბილისში, სოხუმსა და ცხინვალში.

ძალის გამოუყენებლობა ჟენევის დისკუსიების მოლაპარაკებების ერთ–ერთი მთავარი საკითხია. საქართველოს უკვე დადებული აქვს ძალის გამოუყენებლობის ცალმხრივი პირობა და ამავეს ითხოვს რუსეთის ფედერაციისგანაც. რუსეთს, რომელიც აცხადებს, რომ კონფლიქტში საკუთარ თავს მხარედ არ მიიჩნევს, სურს, საქართველომ მსგავსი შეთანხმებები ოფიციალურად გააფორმოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან. მსგავსი ინიციატივა ქართული მხარისთვის მიუღებელია.

“შვეიცარია სულ უფრო ნაკლებად ნეიტრალურია. ცდილობენ, ჩვენთვის გაუგებარ, უთანასწორო ენაზე გვესაუბრონ “, – ამბობდა ერთი წლის წინ არძინბა რუსული გამოცემა სპუტნიკის ეთერში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი