ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მოსკოვი თბილისისგან კვლავ ითხოვს “აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საზღვრების” დაწესებას

1 დეკემბერი, 2023 • 18414
მოსკოვი თბილისისგან კვლავ ითხოვს “აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საზღვრების” დაწესებას

“უკანასკნელ პერიოდში სასაზღვრო ინციდენტების გათვალისწინებით, ხაზგასმულია თბილისის მხრიდან სოხუმისა და ცხინვალის მიმართ ძალის გამოუყენებლობასთან დაკავშირებით იურიდიული გარანტიების დაუყოვნებლივი შემუშავების საჭიროება და ასევე საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის ჩაშვება, მისი შემდგომი დემარკაციით”, – აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის წინ.

მსგავსი განცხადება მოსკოვის მხრიდან რამდენიმე კვირის წინაც გაკეთდა.

6 ნოემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში მცხოვრები თამაზ გუნტური მოკლეს, მისი თანხმხლები ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. შემთხვევა ლომისის ეკლესიასთან მოხდა. გინტური და დოთიაშვილი თანასოფლელებთან ერთად ჯერ სოფლის სასაფლაოზე იყვნენ, შემდეგ კი ლომისის ეკლესიაში, სანთლის დასანთებად მივიდნენ. მათ ოკუპანტების მიერ აჭედილი ლომისის ეკლესიის კარი შეამტვრიეს. ამის შემდეგ მათ რუსი სამხედროები დაესხნენ თავს, გინტური მოკლეს, დოთიაშვილი კი გაიტაცეს. ლევან დოთიაშვილი 9 ნოემბერს გაათავისუფლეს.

აფხაზური მედიის ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინი ჟენევის დისკუსიების აფხაზ და ოს წარმომადგენლებს 5 დეკემბრის რაუნდამდე შეხვდა, სადაც დისკუსიებზე განსახილველი პრიორიტეტული საკითხები შეაჯამეს.

ჟენევის დისკუსიები 2008 წლიდან, აგვისტოს ომის შემდეგ მიმდინარეობს. მოლაპარაკებები ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით იმართება. პროცესში მონაწილეობენ საქართველო, რუსეთი და აშშ, ასევე, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობების წარმომადგენლები. დისკუსიების მორიგ რაუნდამდე, როგორც წესი, თანათავმჯდომარეები მოსამზადებელ შეხვედრებს ატარებენ თბილისში, სოხუმსა და ცხინვალში.

ძალის გამოუყენებლობა ჟენევის დისკუსიების მოლაპარაკებების ერთ–ერთი მთავარი საკითხია. საქართველოს უკვე დადებული აქვს ძალის გამოუყენებლობის ცალმხრივი პირობა და ამავეს ითხოვს რუსეთის ფედერაციისგანაც. რუსეთს, რომელიც აცხადებს, რომ კონფლიქტში საკუთარ თავს მხარედ არ მიიჩნევს, სურს, საქართველომ მსგავსი შეთანხმებები ოფიციალურად გააფორმოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან. მსგავსი ინიციატივა ქართული მხარისთვის მიუღებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი