ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აბიტურიენტების ნაწილმა ენგურის გადმოკვეთა შეძლო – შერიგების სამინისტრო

1 ივლისი, 2019 • 1461
აბიტურიენტების ნაწილმა ენგურის გადმოკვეთა შეძლო – შერიგების სამინისტრო

„აბიტურიენტების ნაწილი უკვე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა. მიუხედავად ბევრი გამოწვევისა, სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის მეშვეობით, ამ ეტაპზე მაინც მოხერხდა მათი ნაწილის გადმოყვანა. პროცესი გრძელდება”, – აცხადებს შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი.

როგორც მინისტრი აცხადებს, მათი უწყება ინტენსიურ რეჟიმშია ჩართული სხვადასხვა არხის გამოყენებით, რათა შეზღუდვა საბოლოოდ მოიხსნას.

“დღემდე მიღწეულია ის, რომ აბიტურიენტებთან ერთად პენსიონრებსა და ასევე სამედიცინო დახმარების საჭიროებების მქონე პირებისათვის გადაადგილება შესაძლებელია. ჩვენ მუშაობას გავაგრძელებთ, რათა მოსახლეობას გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონდეს, რამდენადაც თითოეული მათგანისათვის ეს სასიცოცხლო მნიშვნელობის საჭიროებას უკავშირდება.

აბიტურიენტებს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც ენგურის ხიდზე გადმოსვლას ამ დრომდე ვერ ახერხებენ, მინდა ვუთხრა, რომ განათლების სამინისტროსთან ერთად ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მათ უმაღლესი განათლების შესაძლებლობაზე წვდომის პრობლემა არ შეექმნათ. ინტენსიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ ინდივიდუალურად, თითოეულისათვის, მათი საგამოცდო გრაფიკიდან გამომდინარე იქნას შერჩეული შესაბამისი ფორმა, რათა მათ ეროვნულ გამოცდებში სრულფასოვნად მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდეთ და უმაღლესი განათლების შესაძლებლობის მიღმა არ დარჩნენ. თითოეული მათგანის ეს ინტერესი დაკმაყოფილებული იქნება“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილის, ირინა აბულაძის განცხადებით, “ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა აბიტურიენტებმა ენგურის ხიდის ჩაკეტვის გამო ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველ სესიაში მონაწილეობა ვერ მიიღეს”.


თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით აფხაზურმა მხარემ, 27 ივნისს ენგურის ხიდზე გადადგილება შეზღუდა.

როგორც აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების უწყება აცხადებს, “თბილისში აქციები პროვოკაციული ხასიათისაა და ისინი აფხაზეთის სახელმწიფოებრიობასაც შეეხება”.

თბილისში 20 ივნისს დაწყებული აქციების შემდეგ აფხაზმა ჩინოვნიკებმა დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას მოუწოდეს, აქციების დასრულებამდე ენგურის ხიდი ჩაკეტონ. იქამდე კი თავად რაულ ხაჯიმბამ მოუწოდა ქართულ მხარეს, აქციების დროს “აფხაზეთის ოკუპაცია” არ ახსენონ.

ფართომასშტაბიანი პროტესტი თბილისში 20 ივნისს, პარლამენტის შენობაში რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოსვლას მოჰყვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი