ახალი ამბები

ომბუდსმენი: პრევენციის მექანიზმის არც ერთ წევრს არ ჰქონია ციხეებში შესვლის პრობლემა

26 დეკემბერი, 2014 • • 1415
ომბუდსმენი: პრევენციის მექანიზმის არც ერთ წევრს არ ჰქონია ციხეებში შესვლის პრობლემა

სახალხო დამცველი ამბობს, რომ  სპეციალური პრევენციული ჯგუფის ზოგიერთი წევრის მოსაზრება, რომ მათ უნდა ჰქონოდათ დახურული ტიპის დაწესებულებებში მონიტორინგის თავისუფლად, სახალხო დამცველის გარეშე განხორციელების შესაძლებლობა, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ სპეციალური პრევენციული ჯგუფის არც ერთ წევრს, სურვილის გამოხატვის შემთხვევაში, არ შექმნია მონიტორინგის განსახორციელებლად დახურული ტიპის დაწესებულებაში შესვლის პრობლემა.

 

ომბუდმენის განცხადებით, მიმდინარე წლის განმავლობაში, სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა სასჯელაღსრულების დაწესებულებების, დროებითი მოთავსების იზოლატორებისა და სხვა დახურული ტიპის დაწესებულებების 87 გეგმიური და 8 არაგეგმიური მონიტორინგი განახორციელა. მონიტორინგის განხორციელებაში ჩართული იყო 23 ექსპერტი. აქედან 14 ექსპერტს სულ მცირე 5 ან მეტ მონიტორინგში აქვს მიღებული მონაწილეობა.

 

“ვინაიდან ზოგიერთი ექსპერტი არ ასრულებდა ანგარიშის წარმოდგენის დაკისრებულ ვალდებულებას, ხოლო ზოგიერთი ექსპერტის მიერ წარმოდგენილი ანგარიში არასრულყოფილი იყო, რაც აფერხებდა სპეციალური პრევენციული ჯგუფის საქმიანობას, მონიტორინგში მონაწილეობის მისაღებად უფრო ხშირად ხდებოდა იმ ექსპერტთა მოწვევა, რომლებიც სისტემატურად ესწრებოდნენ სამუშაო შეხვედრებს, მონაწილეობდნენ სამუშაო მეთოდოლოგიის შემუშავების პროცესში და კეთილსინდისიერად ასრულებდნენ ანგარიშის წარმოდგენის ვალდებულებას”, – აცხადებს სახალხო დამცველი.

 

სახალხო დამცველის ოფისის ცნობით, 2014 წლის ოქტომბრის თვიდან განხორციელებული თითოეული ვიზიტის შემდეგ პრევენციის ეროვნულმა მექანიზმმა დაიწყო ვიზიტის შემდგომი ანგარიშის მომზადება და გამოქვეყნება. მომზადდა და გამოქვეყნდა 3 ანგარიში.

 

სახალხო დამცველი მიანიშნებს იმაზე, რომ ექსპერტების მუშაობას აკონტროლებს „სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის (ექსპერტის) ქცევის  კოდექსით“ და მათ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არშესრულება წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველსა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრს შორის შრომითი ხელშეკრულების მოშლის საფუძველს.

 

საქართველოს სახალხო დამცველი აცხადებს, რომ მისი ინიციატივით, საქართველოს პარლამენტი უახლოეს მომავალში მსჯელობას დაიწყებს სახალხო დამცველის მიერ წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე, რომლის მთავარი მიზანი სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებისთვის დახურული ტიპის დაწესებულებებში ფოტო და ვიდეოგადაღების უფლების მინიჭებით წამების და სხვა არასათანადო მოპყრობის შედეგად წარმოქმნილი დაზიანებების დოკუმენტირების უფრო ეფექტურად განხორციელებაა.

 

სპეციალური პრევენციული ჯგუფი დატოვეს გელა მთივლიშვილმა და ირაკლი ვაჭარაძემ. გელა მთივლიშვილმა მიზეზად ის ფაქტი დაასახელა, რომ მას მოუწია ახსნა-განმარტებების მიცემა იმის გამო, რომ სახალხო დამცველის ყოფილის თანამშრომლის ნათია იმნაძის სასამართლო პროცესს აშუქებდა.

 

ირაკლი ვაჭარაძემ კი განაცხადა, რომ ჯგუფის წევრებს ხელზე არ ეძეოდათ სახალხო დამცველის რწმუნება ციხეებში შესასვლელად და ექპერტებს ნაცნობობით არჩევდნენ. პრევენციის ეროვნული მექანიზმის 40 ექსპერტი სახალხო დამცველმა 2013 წლის ივლისში შეარჩია. მათი უფლებამოსილების ვადა ამოიწურა. სახალხო დამცველმა ექსსპერტთა ახალი შემადგენლობის ასარჩევად კონკურსი უკვე გამოაცხადა.

 

პრევენციის ეროვნული მექანიზმი 2009 წლიდან სახალხო დამცველის აპარატში შეიქმნა, რომელიც ციხეებში არსებულ სიტუაციას იკვლევს, აფასებს წამებისა და არადამიანური მოპყრობის რისკფაქტორებს, შეიმუშავებს რეკომენდაციებს, ანგარიშებს  და პატიმრების ინდივიდუალურ საჩივრებსაც განიხილავს.

უჩა ნანუაშვილი, სახალხო დამცველი
უჩა ნანუაშვილი, სახალხო დამცველი

მასალების გადაბეჭდვის წესი