პარტია “ნაციონალური მოძრაობა” კორონავირუსის ციხეებში გავრცელების საპასუხოდ “ფართო ამნისტიის” ინიციატივით გამოდის.
პარტიის წევრის, სოფო ჯაფარიძის განცხადებით, საპატიმროებში შეუძლებელია კოვიდრეგულაციების დაცვა და საჭიროა ნაკლებად მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებული პირების გათავისუფლება.
“ციხეებში არის კოვიდაფეთქება და ჩვენი მოქალაქეები არიან ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ნუ დაგვავიწყდება, რომ ისინი არიან ჩვენი ნაწილი და ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლის გადარჩენაზე.
ძალიან რთულია იმ ინფრასტრუქტურის პირობებში, რაც დღეს საპატიმროებშია, თუნდაც დისტანციის დაცვა და არამხოლოდ.
აქედან გამომდინარე, გამოვდივართ ფართო ამნისტიის ინიციატივით, რაც ითვალისწინებს მსუბუქ, ნაკლებად მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებული ადამიანების მყისიერ გათავისუფლებას, ცხადია, იმ ადამიანების, რომლებიც საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წამრმოადგენენ, რადგან ჩვენ დღეს სხვა გამოსავალი არ გვაქვს”, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა”
მისი თქმით, ამნისტიის პრაქტიკა არსებობს ევროპის ქვეყნებში და ის გადაარჩენს პატიმრების სიცოცხლეს.
26 აგვისტოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნაიმ განაცხადა, რომ გეგუთის პენიტენციალურ დაწესებულებაში დაფიქსირდა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები.
ინფიცირებულ მსჯავრდებულთა ნაწილი გადაყვანილია ხონის ფსიქიატრიულ ცენტრში მოწყობილ საკარანტინო-სამკურნალო სივრცეში.
თამარ გაბუნიას განცხადებით, პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდადებულთა 66% ერთხელ, 55%-ზე მეტი კი ორჯერ არის ვაქცინირებული.