ახალი ამბები

კოვიდინფიცირებულია პატიმართა 1%, ანუ 105 პატიმარი — იუსტიციის სამინისტრო

30 აგვისტო, 2021 • 791
კოვიდინფიცირებულია პატიმართა 1%, ანუ 105 პატიმარი — იუსტიციის სამინისტრო

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, პენიტენციურ სისტემაში კოვიდინფიცირებულია 105 პატიმარი, რაც მათი საერთო რაოდენობის მხოლოდ 1 პროცენტს წარმოადგენს. ასევე, ვაქცინირებულია პატიმართა 70%.

“შემთხვევათა უმეტესობა მიმღებ დაწესებულებებში ახლად დაკავებულ პირებში გამოვლინდა. პროტოკოლის მიხედვით , მიმღებ ციხეებში ახლად დაკავებულები სპეცილურად მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში თავსდებიან . მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ ისინი შესაბამის პროცედურებს 8-12 დღის განმავლობაში გადიან . მათი განთავსება პენიტენციურ დაწესებულებაში მხოლოდ კოვიდ ტესტზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ხდება”, — აცხადებს იუსტიციის სამინისტრო.

უწყებისვე ცნობით, ამჟამად 105 კოვიდინფიცირებულიდან 66 თბილისისი ერთ-ერთ სამოქალაქო კლინიკაშია მოთავსებული . თუმცა მათგან 52 კოვიდინფიცირებული ამ ეტაპზე სამედიცინო დახმარებას არ საჭიროებს და დაკვირვების მიზნით ამავე კლინიკის ე.წ. სასტუმრო ნაწილში იმყოფება. 39 კოვიდინფიცირებული ხონის საავადმყოფოსთან არსებულ საკარანტინო სივრცეშია მოთავსებული.

როგორც სამინისტრო აცხადებს, ყველა ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ისინი მედპერსონალის დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან და საჭიროებისამებრ შესაბამისი დახმარება გაეწევათ.

დღეს პარტია “ნაციონალური მოძრაობა”, ციხეებში კორონავირუსის გავრცელების გამო, მსუბუქი დანაშაულისთვის მსჯავრდებული პატიმრების ამნისტიის ინიციატივით გამოვიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი