ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ადვოკატი: ლეილა იუნუსისთვის საჭირო მედიკამენტები აზერბაიჯანში არ იყიდება

28 მარტი, 2015 • 1258
ადვოკატი: ლეილა იუნუსისთვის საჭირო მედიკამენტები აზერბაიჯანში არ იყიდება

ადვოკატმა ელჩინ გამბაროვმა ჯერ კიდევ თებერვალში განაცხადა, რომ დაკავებულ ლეილა იუნუსს სისხლში შაქრის მაღალი შემცველობა აქვს, აწუხებს ღვიძლის პრობლემები, მისი არტერიული წნევა პერიოდულად იმატებს და დაკავების შემდეგ მან 16 კილოგრამი დაიკლო. ადვოკატმა მაშინ იმაზეც ისაუბრა, რომ ციხეში ყოფნის პირობებში იუნუსისთვის ეფექტური მკურნალობის ჩატარება შეუძლებელი იყო და რომ უფლებადამცველი მხოლოდ გერმანიის საელჩოს მიერ გადაცემულ მედიკამენტებს იღებდა.

 

გამბაროვი ამჯერად აცხადებს, რომ უფლებადამცველის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უმჯობესდება.

 

მისი თქმით, ლეილა იუნუსს C ჰეპატიტის დიაგნოზი აქვს.

 

“ჩვენ ამის შესახებ ადრეც ვიცოდით, მაგრამ ეხლა დაავადება ვითარდება. გერმანელმა ექიმებმა მას ძალიან ძვირადღირებული წამლები გამოუწერეს, გარდა ამისა, ეს მედიკამენტები აზერბაიჯანში არ იყიდება. ჩვენ ვეძებთ გზებს ამ წამლების შესაძენად და აზერბაიჯანში ჩამოსატანად”, – განაცხადა გამბაროვმა.

 

ლეილა იუნუსი 30 ივლისს ბაქოში დააკავეს. ის აზერბაიჯანში “მშვიდობისა და დემოკრატიის ინსტიტუტის” დირექტორი იყო. მან და მისმა კოლეგამ სომხეთიდან, ლაურა ბაგდასარიანმა, სომხეთში კვლევითი ცენტრის “რეგიონის” დირექტორმა, ბაქოში სომხეთისთვის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, რაუფ მირკანდიროვის დაუყოვნებლივი გათავისუფლების მოთხოვნით მიმართვა გაავრცელეს.  მიმართვაში ისინი საზოგადოებას მოუწოდებდენ, კავკასიაში მშვიდობის დასამყარებლად და აზერბაიჯანელ და სომეხ ხალხს შორის სიძულვილისა და შუღლის გაღვივების წინააღმდეგ ხმა აემაღლებინათ.

 

ლეილა იუნუსის დაკავების შემდეგ მისი ადვოკატები აცხადებდნენ, რომ უფლებადამცველი წინასწარი დაკავების იზოლატორში სასტიკად სცემეს.

 

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი