ახალი ამბები

ომბუდსმენის შეფასებით, მოსამართლეების შერჩევის პროცესი ხარვეზებით მიმდინარეობს

28 ივნისი, 2019 • 943
ომბუდსმენის შეფასებით, მოსამართლეების შერჩევის პროცესი ხარვეზებით მიმდინარეობს

სახალხო დამცველი დამოუკიდებლად აკვირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს, რომლის ფარგლებშიც 20 ივნისს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პირველი ფარული კენჭისყრა გაიმართა და შემდეგ ეტაპზე გადასული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 50 კანდიდატი გამოვლინდა.

სახალხო დამცველის თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართული პირველი ფარული კენჭისყრა და მასზე დაკვირვების შედეგები ავლენს იმ პრობლემებსა და ხარვეზებს, რაც აღნიშნულ პროცესს ახლავს თან და საფრთხეს უქმნის მის მაღალი სტანდარტებით წარმართვას.

“მიმდინარე წლის პირველ მაისს მიღებული კანონით, საბჭოს წევრებმა მოსამართლეობის კანდიდატები თითოეულ ეტაპზე კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებით უნდა შეარჩიონ. პირველი ფარული კენჭისყრისათვის კანონში ამის უზრუნველსაყოფად რამე მექანიზმი არ ჩადებულა, თუმცა მიეთითა, რომ საბჭო ამ პროცესს წარმართავს მის მიერ განსაზღვრული პროცედურით. საბჭოს მიერ არ განსაზღვრულა რამე ისეთი პროცედურა, რომელიც უზრუნველყოფდა მოსამართლეების შერჩევას ამ კრიტერიუმებზე დაყრდნობით. აღნიშნული ვითარება კი ქმნის გარემოს, სადაც შესაძლებელი ხდება პროცედურას გამოეთიშოს კანდიდატი, რომელიც კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებით სხვებს გადაწონის”, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ომბუდსმენის თქმით, თავად საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ფარულ კენჭისყრას ითვალისწინებს, არ მოითხოვს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას და არ იძლევა მისი გასაჩივრების შესაძლებლობას, რაც პრობლემურად შეფასდა როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე ვენეციის კომისიის, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისისა და სახალხო დამცველის მიერ.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის მიზნით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართულმა პირველმა ფარულმა კენჭისყრამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საკანონმდებლო ჩარჩოს სისუსტეს და გამოავლინა, თუ რა გამოწვევებია პრაქტიკაში.

20 ივნისის ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 13 წევრი, რომელთაგან თითოეულს ჰქონდა 1 ბიულეტენი და 20 ხმა (გამოცხადებული ვაკანსიის ოდენობის შესაბამისად). სახალხო დამცველის შეფასებით, ბიულეტენებისა და მიცემული ხმების დათვლის პროცესზე დაკვირვებამ გამოავლინა 13-დან 10 ბიულეტენი, რომელიც შემოხაზული იყო ერთნაირი სქემითა და დამთხვევების ძალიან მაღალი ხარისხით. კერძოდ:

  • გამოვლინდა 4 ბიულეტენი, სადაც, ჯამში, 137 კანდიდატიდან ზუსტად 20 ერთი და იგივე კანდიდატი იყო შემოხაზული;
  • გამოვლინდა სხვა 3 ბიულეტენი, სადაც, ჯამში, 137 კანდიდატიდან შემოხაზული იყო სხვა, ზუსტად 20 ერთი და იგივე კანდიდატი (და არა ისინი, ვინც პირველ პუნქტში ნახსენებ 4 ბიულეტენში იყო შემოხაზული);
  • გამოვლინდა სხვა 2 ბიულეტენი, სადაც შემოხაზული იყო მეორე პუნქტში მითითებულ 3 ბიულეტენში შემოხაზული 15 კანდიდატი და კიდევ სხვა 5 კანდიდატი;
  • გამოვლინდა სხვა 1 ბიულეტენი, სადაც შემოხაზული იყო პირველ პუნქტში მითითებულ 4 ბიულეტენში შემოხაზული 15 კანდიდატი და მესამე პუნქტში მითითებულ 2 ბიულეტენში შემოხაზული 5 კანდიდატი.

“მოცემული 10 ბიულეტენის, ჯამში, 5 ხმა მიიღო 30-მა კანდიდატმა, 4 ხმა – 5-მა კანდიდატმა, ხოლო 3 ხმა – 10-მა კანდიდატმა (სულ 45 კანდიდატი). ყველა მათგანი გადავიდა შერჩევის მომდევნო ეტაპზე. დანარჩენ 3 ბიულეტენში ამ ხარისხის დამთხვევა არ გამოვლენილა და მათში შემოხაზული 5 კანდიდატი, რომელსაც დარჩენილი 10 ბიულეტენიდან არცერთი ხმა არ მიუღია, გადავიდა შემდეგ ეტაპზე. ზემოაღნიშნულ 10 ბიულეტენს შორის ასეთი მაღალი ხარისხის დამთხვევა კითხვებს აჩენს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ შერჩევის ამ ეტაპისთვის კანდიდატების კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებით შეფასების მექანიზმი არ განსაზღვრულა, მაშინ როდესაც საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლი აღიარებს საქართველოს ყველა მოქალაქის უფლებას, დაიკავოს საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველი აქვეყნებს ცხრილს, სადაც ასახულია, თუ რომელ ბიულეტენში რომელი კანდიდატი იყო შემოხაზული, ხმების დათვლის დროს ბიულეტენების რიგითობის მიხედვით.

სახალხო დამცველი ასევე ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსათვის“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმას და აღნიშნულს სერიოზულ პრობლემად და მთელი პროცესისათვის დამაზიანებლად მიიჩნევს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი