გახარია არ პასუხობს კითხვას, ვინ გასცა რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება

შინაგან საქმეთა მინისტრი გახარია არ პასუხობს კითხვას, კონკრეტულად ვინ გასცა ბრძანება, 20-21 ივნისის დარბევისას რუსთაველის გამზირზე მოქალაქეების წინააღმდეგ გამოეყენებინათ სხვადასხვა სახის რეზინის ტყვიები.

რუსთავი 2-ის ჟურნალისტმა თამარ ბაღაშვილმა მას არაერთხელ ჰკითხა, თუ კონკრეტულად ვინ გასცა ბრძანება, თუმცა მინისტრმა ამ პასუხს თავი არაერთხელ აარიდა.

“ეს ტყვიები არ არის ლეტალური, ეს ერთი. ეს ტყვიები თუ არის ლეტალური, მე ვაგებ პასუხს. რაც შეეხება ვინ გასცა ბრძანება, ხაზგასმით აღვნიშნავ, არანაირი მნიშვნელობა ამას არ აქვს. შსს-ს ყველა თანამშრომელი, რომელიც იქ მოქმედებდა, მოქმედებდა ჩემი პასუხისმგებლობის ქვეშ”, – თქვა მინისტრმა გახარიამ.

ამის შემდეგ ბაღაშვილმა მას კვლავ გაუმეორა კითხვა, თუ ვინ გასცა ბრძანებას, რასაც მინისტრმა პირდაპირი პასუხი არ გასცა:

“ყევლაფერი, რაც აქ ხდებოდა, არის ჩემი პასუხისმგებლობის ზონა”.

გიორგი გახარია ირწმუნება, რომ ტყვიები, რომლებიც სპეცრაზმმა გამოიყენა, აკრძალული არ არის და  შსს-ს შეიარაღებაში 2012 წლის აგვისტოდან იმყოფებოდა.

რუსთავი 2-მა მინისტრ გახარიას ასევე ჰკითხა, თუ რაში გამოიხატება მისი პასუხისმგებლობა, რაზეც მან უპასხა:

“ჩემი პასუხისმგებლობა გამოიხატება იმაში, რომ ბოლომდე მივიყვანოთ გამოძიება, რომელიც დაკავშირებულია როგორც სამოქალაქო პირების წინააღმდეგ უფლებამოსილების გადამეტების ნაწილში, ასევე, 225-ე მუხლით, რომელსაც შსს იძიებს”, – თქვა გახარიამ.

გიორგი გახარია დღეს, 27 ივნისს, მხოლოდ ტელეკომპანიების ჟურნალისტებს ხვდება 20-21 ივნისის დარბევაზე სასაუბროდ. აქციის დარბევისას 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი.  დაშავებულთა შორის 80 პოლიციელია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.