ირაკლი ვაჭარაძემ ფეისბუქის გვერდზე დაწერა, რომ ჯგუფის დატოვება სამმა დარღვევამ გადააწყვეტინა. მისი თქმით, მონიტორინგის უფროსი ნიკა კვარაცხელია ნეპოზიტზმის, ახლობლობის გზით არჩევს ციხეში წასაყვან ექსპერტებს. მაგალითად, მისი არასამთავრობო ორგანიზაციის “ახალგაზრდები სამართლიანობისთვის” თანადამაარსებელი ქალი უკვე 20-ჯერ იყო ანაზღაურებად მონიტორინგზე ნიკა კვარაცხელიას დანიშვნის შემდეგ, მე – სულ ერთჯერ, ამბობს ვაჭარაძე.
“არ აქვთ შემუშავებული არავითარი ჩამოწერილი და გამართული სისტემა – რის მიხედვით ვის სად უშვებენ და ვის როდის სად ეძახიან”, – წერს ირაკლი ვაჭარაძე.
ნეტგაზეთი სახალხო დამცველის ოფისს დაუკაშირდა. ომბუდსმენის ოფისის განცხადებით, პრევენციის ეროვნული მექანიზმის ექსპერტებს აქვთ მაქსიმალური ხელშეწყობა და შესაძლებლობა განახორციელონ თავიანთი უფლებამოსილება და მათ მიერ სხვადასხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამოვლენილი მდგომარეობის შესახებ მოწოდებული ანგარიშების საფუძველზე სახალხო დამცველმა ბოლო დღეებში 3 სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა.
ომბუდსმენის ოფისს მიაჩნია, რომ ზოგიერთი ექსპერტი ცდილობს სიტუაციის იმგვარად წარმოჩენას, თითქოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის ექსპერტების შერჩევა სხვადასხვა თემატური მონიტორინგის განსახორციელებლად გაუმჭვირვალედ მიმდინარეობს. ოფისის განმარტებით, მიუხედავად არაერთი მკაფიო განმარტებისა, რამდენიმე ექსპერტის მოთხოვნა შეუსაბამო იყო პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში ექსპერტების საქმიანობის საწყის ეტაპზევე შეთანხმებულ ძირითად წესებთან და პირობებთან.
“სახალხო დამცველი განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობას ანიჭებს გამოხატვის თავისუფლებას და მიაჩნია, რომ პრევენციის ეროვნული მექანიზმის საქმიანობა მაქსიმალურად გამჭვირვალე და საჯაროა. სამწუხაროა ისიც, რომ ზოგიერთი ექსპერტი ვერ ავლებს ზღვარს გამოხატვის თავისუფლებასა და სპეციფიკური საქმიანობიდან გამომდინარე პრევენციის ეროვნული მექანიზმის ქცევის კოდექსით დადგენილ პრინციპებს შორის”, – აცხადებს სახალხო დამცველი.
