კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდის აზრით, 0%-იანი ბარიერი, პირდაპირი მნიშვნელობით, არ არსებობს და ის ეყრდნობა ხმების მანდატებში გარდასახვის სპეციფიკურ ფორმულას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს შემთხვევაში დაახლოებით 0.67%-იანი ბარიერი გამოდის.
“ნულოვანი ბარიერი სიტყვა-სიტყვით ნიშნავს, რომ ერთი ხმა ერთ მანდატს ნიშნავს, რაც წარმომადგენლობით დემოკრატიაში შეუძლებელია. მაშინ რამდენი ამომრჩეველიცაა, იმხელა პარლამენტი უნდა გვქონდეს. ნულოვან ბარიერს უფრო ზუსტად ბუნებრივ ბარიერს უწოდებენ და ის სპეციალური ფორმულით გამოითვლება. ეს არის მანდატების და ხმების პროცენტების ერთმანეთთან შერევა და საქართველოს შემთხვევაში გამოდის, რომ დაახლოებით 0.67% ნიშნავს თითო ხმას პარლამენტში. თავისთავად ეს საარჩვენო სისტემა ითვლება ერთ-ერთ ყველაზე დემოკრატიულ საარჩევნო სისტემად და ის უპირატესობა აქვს, რომ საზოგადოების განწყობებს ასახავს ზუსტად ისე, როგორც ის რეალურად არის ქვეყანაში”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” მენაბდემ.
მისი თქმით, ნულპროცენტიანი ბარიერი დაახლოებით ისეთივე შედეგების მომტანი სისტემაა, რომელითაც საქართველოში 1992 წლის არჩევნები ჩატარდა და აღნიშნული სისტემის უარყოფით მხარეს წარმოადგენს ის, რომ კოალიციური მთავრობების ფორმირება ძნელდება და ძალიან ბევრი წვრილი პარტია შედის პარლამენტში.
“მაგრამ ჩემთვის დემოკრატიის არგუმენტი გადაძალავს უარყოფით არგუმენტებს”, – აღნიშნავს მენაბდე.
“ქართული ოცნება” მზადყოფნას გამოთქვამს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით და ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩაატაროს.
ამავე თემაზე:
2020-ში ჩატარდება პროპორციული არჩევნები ნულოვანი ბარიერით – ივანიშვილი