ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდის შეფასებით, “ქართული ოცნების” მიზანი უნივერსიტეტებისა და სტუდენტების კონტროლია. ასე ეხმაურება იგი “ოცნების” განათლების რეფორმას.
“რატომ უნივერსიტეტები? რატომ ახლა? და რატომ ამ ფორმით?
- საჯარო უნივერსიტეტები ბოლო საჯარო ინსტიტუტებია, რომელსაც რეჟიმი სრულად ვერ აკონტროლებს (ზოგიერთ შემთხვევაში, მთელ დაწესებულებას, ზოგიერთ შემთხვევაში- ფაკულტეტს, ან ადმინისტრაციულ და აკადემიური პერსონალს). ოცნება მათ საკუთრებად მიიჩნევს, ამიტომ მისი გადმოსახედიდან დაუშვებელია თავისუფლების ის ხარისხი (რომელიც ბევრ შემთხვევაში არც ისე მაღალია), რომელიც ამჟამად ამ სფეროში არსებობს;
- აქამდე რეჟიმი „იტანდა“ მათ არსებობას და თან ამზადებდა განეიტრალების გეგმას. როგორც ჩანს, ჩათვალეს, რომ უნივერსიტეტები ფლობდნენ საკმარის ძალას იმისთვის, რომ წინააღმდეგობა გაეწიათ, ამიტომ ნაჩქარევი ნაბიჯების გადადგმა არ იყო სასურველი. მას შემდეგ, რაც ფრონტის სხვა მონაკვეთებზე უპირატესობა დაიგულეს, უნივერსიტეტების დრო დადგა;
- სტუ-ს და თსუ-ს გაერთიანება, როგორც გამოჩნდა, სატყუარა იყო. პროტესტი, რომელიც უნივერსიტეტების დაშლას და ქონების გასხვისებას მოჰყვებოდა, გადამისამართდა გაერთიანებისკენ თემაზე, ხოლო შემდეგ ამ გეგმაზე ხელის აღება გაიყიდა, როგორც „დათმობა“. ოცნება ფიქრობს, რომ ამ ნაბიჯით ნაწილობრივ განეიტრალდა უკმაყოფილება, რაც შეიძლება ამ „რეფორმას“ მოჰყოლოდა. მათი გათვლით, ადამიანების ნაწილი კმაყოფილია, რომ უნივერსიტეტები შეინარჩუნეს.
საბოლოოდ გადაწყვეტილება ასეთია. საჯარო უნივერსიტეტები სრულად უნდა დაექვემდებაროს რეჟიმის ნებას. ყველა რესურსი, ყველა პროგრამა, ყველა აკადემიური ნაბიჯი, ყველა სტუდენტი უნდა გაკონტროლდეს.
ამ ხნის განმავლობაში ბევრი სამუშაო გატარდა. ბევრი ჯგუფი ამზადებდა პროტესტს რეჟიმის ამ მოსალოდნელი ნაბიჯის მიმართ. ახლა ის უნდა ამოქმედდეს. საჭიროა წინააღმდეგობის პოზიტიური გეგმა, ამ გეგმის გარშემო უნდა მობილიზდნენ ინსტიტუტები, აკადემიური პერსონალი, სტუდენტები. თუ უნივერსიტეტებს “ოცნებას” ჩავაბარებთ, დემოკრატიული ძალები კიდევ უფრო დავსუსტდებით”, – წერს ვახუშტი მენაბდე.
“ქართულმა ოცნებამ” დღეს, 12 თებერვალს, გამოაქვეყნა მონაცემები იმის შესახებ, რომელ სახელმწიფო უნივერსიტეტს რომელ მიმართულებებზე ექნება სტუდენტების მიღების შესაძლებლობა.
“ოცნების” გადაწყვეტილებით:
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიღება გამოცხადდება ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა: ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები პედაგოგიკის გამოკლებით, სამართალი, ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირება, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები;
- საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღება გამოცხადდება საინჟინრო-ტექნიკურ დისციპლინებზე;
- სამედიცინო უნივერსიტეტში მიღება გამოცხადება მედიცინის სპეციალობებზე;
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში – პედაგოგიკის პროგრამებსა და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობებზე;
- სოხუმის უნივერსიტეტში – აგრარულ სპეციალობებზე, ქართულ-აფხაზურ ენასა და ლიტერატურაზე, პედაგოგიკის სპეციალობებზე;
- სახელოვნებო უნივერსიტეტები სტუდენტებს მიიღებენ შესაბამის სპეციალობებზე;
- ბათუმისა და ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტები შეინარჩუნებენ მრავალფუნქციურ დატვირთვას;
- ზუგდიდის, გორის, ახალციხისა და თელავის უნივერსიტეტებში აქცენტი გაკეთდება აგრარულ სპეციალობებზე, ტურიზმის მიმართულებასა და პედაგოგიკაზე.
ამავე თემაზე:








