ახალი ამბები

გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს არ ვხედავთ – ჩუგოშვილი

24 ივნისი, 2019 • 2138
გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს არ ვხედავთ – ჩუგოშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ მმართველი გუნდი გიორგი გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს არ ხედავს 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

აქციის დაშლა შეიძლება თქვენ ძალიან არ გინდათ, მაგრამ ყველაზე ტრაგიკული და მძიმე ამ ამბავში ჩემთვისაც და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, პირველ რიგში, იყო ის, რომ აუცილებელი გახდა ძალის გამოყენება სწორედ იმ უპასუხისმგებლო და კრიმინალური ქმედებების გამო, რომელსაც ადგილი ჰქონდა აქციაზე. ეს არის ყველაზე მძიმე, რომ შეუძლებელი გახდა ძალის გამოყენების თავიდან აცილება. ეს არის რეალობა. როგორც მანამდე განვითარებული პროცესებს, ასევე, შემდგომ ძალის გადამეტების შემთხვევებს, ამ ყველაფერს, პირველ რგიში, უნდა გაეცეს სამართლებრივი პასუხი და ეს პასუხი გაეცემა ღიად, გამჭვირვალედ – ისე, რომ კითხვები არ დარჩება არცერთ მხარეს. ამაში ვარ სრულიად დარწმუნებული”, – ამბობს თამარ ჩუგოშვილი.

პარლამენტის პირველი მოადგილის განცხადებით, საჭიროა ამ პროცესებთან დაკავშირებით სამართლებრივი პასუხები. ჩუგოშვილის განცხადებით, სადაც ძალის გამოყენების შემთხვევებში იყო არაპროპორციულობა, ამას მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება და ვისი სამართლებრივი პასუხისმგებლობაც გამოიკვეთება, ის პასუხს აგებს:

პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო პარლამენტის თავმჯდომარემ და ის გადადგა თანამდებობიდან. ჩვენი გუნდის პოლიტიკური პასუხი არის უმნიშვნელოვანესი – ეს არის მთალიანად ქვეყნის საარჩევნო სისტემის ფუნდამენტური ცვლილება უახლოეს მომავალში. ეს არის ჩვენი პასუხი”.


დღეს “ქართული ოცნების” ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რის შემდეგაც პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით, ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარდება.

ბიძინა ივანიშვილს ჟურნალისტებმა გიორგი გახარიას გადადგომის საკითხზეც ჰკითხეს, თუმცა ივანიშვილმა საპრესკონფერენციო დარბაზი ისე დატოვა, ამ კითხვისთვის პასუხი არ გაუცია.

გახარიას საკითხზე არც პრემიერ-მინისტრ მამუაკა ბახტაძეს უსაუბრია. კითხვას თავი რამდენჯერმე აარიდა კახა კალაძემაც. ჟურნალისტებმა დედაქალაქის მერს კითხვა რამდენჯერმე გაუმეორეს, რის შემდეგაც კალაძემ აღნიშნა, რომ პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე “ამაზე საუბარი არ ყოფილა”.

“ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩუგოშვილმა კი ამ კითვის საპასუხოდ განაცხადა, რომ გახარიას პოლიტიკური პასუხისმგეობლობის საკითხს არ ხედავენ.

პარლამენტთან ფართომასშტაბიანი აქციები 20 ივნისიდან იმართება. შეკრებილ მოქალაქეებს სამი მოთხოვნა აქვთ: 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება, გიორგი გახარიას გადადგომა და 20 ივნისის ღამეს დარბევისას დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება.

2020-ში ჩატარდება პროპორციული არჩევნები ნულოვანი ბარიერით – ივანიშვილი


რა მოხდა

საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.

დაზიანებები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. რამდენიმე მოქალაქემ დაკარგა თვალი. 2 ადამიანი ამ დრომდე კომაშია. დააკავეს 305 პირი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით. დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თუმცა აქციის მონაწილეებს ეს საკმარისად არ მიაჩნიათ და ითხოვენ როგორც შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, ისე – ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს პროპორციული სისტემით.

მასალების გადაბეჭდვის წესი