ახალი ამბები

გახარიას მოსაზრებით, პოლიციელები “იძულებულნი იყვნენ“ გამოეყენებინათ სპეციალური საშუალებები

21 ივნისი, 2019 • 862
გახარიას მოსაზრებით, პოლიციელები “იძულებულნი იყვნენ“ გამოეყენებინათ სპეციალური საშუალებები

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, გუშინ 20 ივნისს გამართულ აქციაზე, პოლიციამ თმენის ვალდებულება ბოლომდე გამოიყენა.

გახარია ჟურნალისტებთან ამბობს, რომ სწორედ პოლიტიკოსები იყვნენ ის ხალხი, ვინც “შეძლო ჩვენი მოქალაქეების სამართლიანი და გულწრფელი პროტესტი გადაეზარდათ ძალადობაში“.

“ძალადობაში , რომელიც იყო მიმართული პოლიციის წინააღმდეგ. ძალადობაში, რომელმაც საბოლოოდ მიიღო პარლამენტის შტურმის სახე. ეს არის უმძიმესი რამ, რაც ამ ქვეყანაში უკვე ათწლეულებია არ მომხდარა.

ახლა რაც შეეხება იმას, თუ რა მოხდა – მოხდა ჯგუფური თავდასხმები პოლიციელებზე, მოხდა ჯგუფური თავდასხმები პარლამენტის შენობაში შეღწევის მიზნით და სამწუხაროდ, სიტუაცია დაიძაბა იმ დონეზე, რომ პოლიციამ, მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად გამოიყენა თმენის ვალდებულება და ჩვენმა მოქაალქეებმა ეს ნახეს ეკრანებზე, იძულებული გახდა გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები, რა თქმა უნდა –  არალეტალური,“ – ამბობს გახარია.

მისივე თქმით, უწყება გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ მოვლენების განვითარება წუთების მიხედვით ყველასათვის საჯარო გახადოს.

“უდიდესი აღშფოთება გამოიწვია ჩემში იმან, რომ ადამიანებმა, პოლიტიკოსებმა, რომლებმაც დააპროვოცირეს ჩვენი რიგითი მოქალაქეები, შემდგომ გაქრნენ. პოლიტიკოსებმა შეძლეს, რომ პოლიცია და მოქალაქეები – მოქალაქეები, რომელიც გამოთქვამდნენ გულწრფელ პროტესტს, დაეპირისპირებინათ ერთმანეთისთვის. არც ერთი მათგანი 10 საათის შემდეგ იქ არ ყოფილა, ყველა უბრალოდ გაიქცა იქიდან და შეატოვეს ახალგაზრდები და პოლიციეელები თავიანთი პროვოკაცის შემდგომ ერთმანეთს,“ – თქვა გახარიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა მართლზომიერი პოლიციის ქმედება, გახარიამ თქვა, რომ “სანამ ადამიანების სიცოცხლეს არ დაემუქრა საფრთხე, პოლიციელები საერთოდ არ განძრეულან“.

“იქ, სადაც იყო კონკრეტული ფაქტი გადამეტების, რა თქმა უნდა, ჩვენ დეტალურად შევისწავლით. მაგრამ რაც, მთავარია 225-ე მუხლით უკვე დაიწყო ძიება, რაც ნიშნავს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას. ჩვენ დეტალურად შევისწავლით ყველაფერს. ყველა ის ადამიანი, რომელიც მოუწოდება და მოახერხა და ორგანიზება გაუწია მშვიდობიანი აქციის ძალადობაში გარდაქმნას და შტურმში პარლამენტისა და პოლიციის წინააღმდეგ, უმკაცრესად იქნება დასჯილი,“ – აცხადებს გახარია.

აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა თავად გიორგი გახარიას გადადგომაც იყო, თუმცა გახარია ამ თემაზე არ საუბრობს.


რა მოხდა

ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტთან. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. თვითმხილველთა მონათხრობისა და მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები აქვთ თავისა და სახის არეში. ექიმების თქმით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას რამდენიმე მათგანისთვის თვალის შენარჩუნების საკითხი.

ყველაფერი დაიწყო საპროტესტო აქციით, სადაც მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა პროპორციული სისტემით. აღნიშნულ აქციას წინ უძღოდა რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტი საქართველოში და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიის გახსნა. აღნიშნულის შემდეგ, შესვენებისას, პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევიდნენ “ევროპული საქართველოსა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები და სესიის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.

გავრილოვი სხვა ქვეყნის დეპუტატებთან ერთად თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. რუსულ დელეგაციას სწორედ ის ხელმძღვანელობდა. ღონისძიება ცერემონიების სასახლეში (პრეზიდენტის ყოფილი სასახლე) 19 ივნისს გაიხსნა და მასში მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემაც მიიღო.

ხელისუფლება აქციის დარბევაზე და მოქალაქეების დაშავებაზე პასუხისმგებლობას აკისრებს ოპოზიციას და არ აპირებს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი